როგორ გამოვიმუშაოთ მოსმენის კულტურა - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენის კულტურა და როგორ გამოვიმუშაოთ ეს უნარი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს მოსმენის კულტურა?

მოსმენის მიზანი ერთმანეთთან შეკავშირებაა, ის ენერგია რაც ადამიანებს შორის არსებობს, როდესაც გრძნობ რომ გხედავენ, გისმენენ და გაფასებენ, როდესაც იღებ და გასცემ განკითხვის გარეშე, როდესაც ეს ურთიერთობა გავსებს, გაძლიერებს და გაგრძნობინებს რომ შენ მარტო არ ხარ.  ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ჩვილობის ასაკში მიღებული გამოცდილებები, გავლენას ახდენს რამდენად ხდება უნივერსალური, საერთო ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილება – რამდენად გრძნობს ბავშვი და შემდგომში როგორც ზრდასრული თავს დაცულად და უსაფრთხოდ ამ სამყაროში არსებობისას, რომ მას ხედავენ, მისი ესმით და მასზე ზრუნავენ. ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს თავისი მუდმივადცვალებადი განცდები და გამოცდილებები აქვს, როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი; რომ წარმოთქმული სიტყვები უბრალოდ ამ და სხვა უნივერსალურ საჭიროებებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის შეუსაბამობის გამოხატულებაა, რომ თითოეული ადამიანი თავისი თავის საუკეთესო ექსპერტია და ჩვენი მოვალეობაა რომ მათთან ინტერაქციით, ჩვენი ცნობისმოყვარეობით და თანამგრძნობი მოსმენით საშუალება მივცეთ მეტნაკლებად უსაფრთხოდ შეძლონ საკუთარ ემოციურ სიშიშვლესთან შეგებება, დარჩენა და შემდეგ გზის გაგრძელება.

ხშირად ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ და შეუძლიათ შეურაცხოფაში გადაიყვანონ ურთიერთობა, რასთან გვაქვს საქმე?

ჩვენ არ ვართ განცალკევებული არსებები. ის თუ რას ვიტყვით ან რას გავაკეთებთ დამოკიდებულია უამრავ პატარ-პატარა თუ დიდ მოვლენებზე რომლებიც ჩვენს შიგნით, სხეულსა და გონებაში, და გარემოში ხდება.

ჩვენი ნერვული სისტემა და მთელს სხეულში მიმდინარე პროცესები განსხვავებულად მუშაობს გამომდინარე იქიდან სიტუაცია, ამ შემთხვევაში კი მეორე ადამიანთან საუბარი, უსაფრთხოდ, საფრთხის შემცველად თუ სიცოცხლისათვის სახიფათოდ აღიქმება. ეს ჩვენი ცნობიერი ყურადღების გარეშე ხდება და სიტუაციის შეფასებაზე გავლენას ახდენს რამდენად არის ადამიანი ჭარბი სტრესის ქვეშ – რამდენად არის ენერგიისგან გამოცლილი და რამდენად დაძაბულია მის სხეულში კუნთები სხვადასხვა ფარული სტრესორების გამო. ხშირად დამახინჯებული, ან არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გადარჩენის რეჟიმშია გადასულია – ჩვენი ორგანიზმი ჩვენგან დამოუკიდებლად, ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე, იბრძვის რომ სასიცოცხლო ენერგია გამოიმუშაოს ყოველდღიურად და “გადარჩენისთვის” საჭირო სისტემების ოპტიმალური ფუნქციონირების დონე დააბალანსოს.

ადამიანისთვის რეალურად ძალიან რთულია ყურადღება მიაქციოს რა მინიშნებებს აძლევს მისი სხეული თუ გარემო, შევიდეს სხვის მდგომარეობაში ან გამოხატოს თანაგრძნობა სხვა ადამიანის მიმართ, გააკონტროლოს საკუთარი სიტყვები თუ ქცევები. როდესაც ნერვული სისტემა გადაჭარბებულად აგზნებულია, ადამიანისთვის შეუძლებელია მოისმინოს ის, რასაც სხვა ამბობს, ხდება რეაქტიული და შეკავშირების და სოციალური ჩართულობის ნაცვლად, ადამიანი საკუთარი თავის თავდაცვაზე გადადის.

მოსმენისას ბევრი ბუნებრივი რეაქცია ჩნდება: შეიძლება ემოციურად გადავიტვირთოთ იმით რაც მოვისმინეთ, შეიძლება ყურადღება გადავიტანოთ ჩვენს საკუთარ ისტორიაზე იმიტომ რომ მეორე ადამიანის ამბავი რაიმე კუთხით ჩვენს ამბავს უკავშირდება, შეიძლება სასწრაფოდ გაგვიჩნდეს საჭიროება რომ მოსაუბრეს შევაწყვეტინოთ და პრობლემის “მოგვარებაში” დავეხმაროთ. ასეთი რეაქციები განსაკუთრებით მატულობს, როდესაც საუბარი ემოციურად დატვირთულ თემებს ეხება. მაგრამ იმისათვის რომ ამ ადამიანს და ჩვენს საკუთარ თავს იარების მოშუშებაში დავეხმაროთ, ჩვენ ამ ტკივილიან გამოცდილებას სივრცე უნდა დავუთმოთ, ცოტათი უფრო მეტ ხანს უნდა დავრჩეთ ამ განცდებთან, რათა თანავუგრძნოთ, მათი აგზნებული ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობა ჩვენი მშვიდი ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობით დავამშვიდოთ და ზრუნვის სისტემა ავამოქმედოთ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დავინახოთ განსხვავებული პერსპექტივები, გაგვიჩნდეს სხვისი მოსმენის ინტერესი, დავინახოთ ღირებულება ამ რთული გამოცდილების მიღმაც კი. მხოლოდ შეკავშირების შემდეგ აქვს აზრი ჩვენი მოსაზრების გაზიარებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ისიც თუ ამის საჭიროება კვლავ იარსებებს.

7 რჩევა ნინო მარგველაშვილისგან:

  1. ბავშვობიდანვე მიზანმიმართულად შექმენით რაც შეიძლება მეტი სიტუაცია, სადაც ბავშვს აძლევთ საშუალებას იღუღუნოს, წაიტიტინოს, სახის გამომეტყველება მიიღოს, თქვას რაიმე და  მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ საპასუხო რეაგირება (თქვენც წაიღუღუნოთ, გაუღიმოთ ან ხმები გამოსცეთ, მოეფეროთ ან რაიმე უთხრათ). თქვენს შორის ინტერაქცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს სიჩუმის და დალოდების მომენტს გაცემა-მიღების დროს, რომ ბავშვის თავის ტვინმა დაისწავლოს ინტერაქციის კანონზომიერებები – ჯერ მე, მერე შენ, მერე ისევ მე, მერე ისევ შენ.
  2. ეცადეთ, მნიშვნელობის მქონე და საქმიანი საუბრები თუ მიმოწერა მშვიდ და გამოღვიძებულ მდგომარეობაში იქონიოთ. როდესაც ჩვენი სხეული სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან დაძაბულია და ენერგია გამოცლილი გვაქვს, თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყურადღებაზე, იმპულსების შეკავებაზე, სხვისი პერსპექტივის დანახვაზე, სტრატეგიების დასახვასა თუ რაციონალური არჩევანის გაკეთებაზე შეზღუდულია.
  3. ივარჯიშეთ გააკეთოთ პაუზა ნებისმიერი ქმედების დროს, მათ შორის ადამიანთან საუბრის ან ინტერაქციის დროს.  შეამჩნიეთ რა ფიქრები მოგდით, რა სხეულებრივი შეგრძნებები გაქვთ, რას განიცდით. ეს არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ გაზარდოთ სივრცე თქვენს იმპულსებსა და რეაქციებს შორის, რათა თანდათანობით მეორე ადამიანთან ურთიერთობისას შეძლოთ არჩევანი გააკეთოთ საით წახვიდეთ – რას მიაქციოთ ყურადღება, გაარგძელოთ საუბარი თუ დროებით შესვენება აიღოთ, რათა კიდევ უფრო უკეთ გაუგოთ ერთმანეთს და შეკავშირდეთ.
  4. გახსოვდეთ, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს გიამბობთ, ეს მისი ისტორიაა. ყურადღების ცენტრში არის ის, ვისიც “მოედანია”. მხოლოდ მაშინ გადადით ახალ თემაზე ან ყურადღების ფოკუსი გადაიტანეთ თქვენზე, როდესაც დარწმუნდებით რომ მოსაუბრე გრძნობს, რომ მას მოუსმინეს და გაუგეს. მხოლოდ ამის შემდეგ არსებობს უფრო მეტი ალბათობა იმისა რომ ამ ადამიანს თქვენს მოსასმენადაც ექნება სივრცე. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ფრაზები: “სწორად გავიგე? კიდევ რას დაამატებ?” ან “კიდევ არის რაიმე რაც გინდა რომ მე გავიგო?” “მინდა რომ გაგიზიარო მე რას ვგრძნობ. შეგიძლია შენი ყურადღება დამითმო?”
  5. გახსოვდეთ, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. რა რწმენებიც არ უნდა გვქონდეს, რისიც არ უნდა გვჯეროდეს, ჩვენი საჭიროებები უნივერსალურია, მნიშვნელოვანია და მთავარი მამოტივირებელი ძალაა. ნებისმიერი ადამიანი თავის საუკეთესოს აკეთებს, რომ საკუთარი საჭიროებები დააკმაყოფილოს (როგორი დამახინჯებული ან საზიანო სტრატეგიაც არ უნდა იყოს). ხშირად ჩვენი ურთიერთობებია რასაც ყველაზე დიდი სიხარული და საზრისი მოაქვს და ყველაზე დიდი გულისტკენაც. ამიტომ, მოშუშების და გამთლიანების საკითხიც თითოეულ ადამიანში ურთიერთობების გზით ხდება. დადანაშაულების და განკითხვის, ბრაზის და თავდაცვის მაგალითები, ძალადობის ყველაზე ექსტრემალური ქმედებებიც კი შეიძლება დავინახოთ, როგორც  სიღრმისეული საჭიროებების გამოხატულებად რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული.
  6. იმის მაგივრად რომ თავი მოვიკატუნოთ თითქოს გულდასმით ვუსმენთ ადამიანს, უმჯობესია შევაწყვეტინოთ, ზუსტად იმიტომ რომ მოსმენა გვინდა. ამისათვის მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ ვწყვეტთ საუბარს. აუცილებელია რომ მოსაუბრეს თქვენი არჩევანის მიღმა არსებული მიზეზები გაუზიაროთ. მაგალითად: “ძალიან მინდა შენთან საუბრის გაგრძელება და ვგრძნობ, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო მდგომარეობაში არ ვარ. შეიძლება შევწყვიტოთ და ….. (ხვალ) გავაგრძელოთ?” ან “ძალიან მაინტერესებს რისი თქმა გსურს, მაგრამ ვგრძნობ ცოტა აღელვებული ვარ, ამიტომ არ მგონია რომ წესიერად შევძლებ შენს მოსმენას. მოდი ერთი საათით შევისვენოთ, რას ფიქრობ?”; “მინდა რომ გააგრძელო, მაგრამ დავიბენი. შეიძლება კითხვა დაგისვა?”
  7. ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე უპასუხო, როდესაც ვინმე მოსმენას გთხოვს. მოსმენა თავისთავად უკვე საუკეთესო პასუხია. გულდასმით მოსმენა, ცნობისმოყვარე და მზრუნველი დამოკიდებულება და უბრალოდ იმ მომენტში ამ ადამიანის გვერდით ყოფნა ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი შეგიძლიათ მას აჩუქოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი