LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკური აჟიოტაჟის დაწყნარების გზა კანონით მოქმედებაა” / “ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა გვაქვს” / “დღეს ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში” / “კვირის თემის” პოდკასტი

4
fortuna.ge (79)

მორიგი კრიზისი ქართულ პოლიტიკაში – რა განმუხტავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას – კვირის თემის სტუმარია ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი;

სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რა მთავარი მოთხოვნებით მიმართა ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციისა და შს სამინისტროებს – გადაცემის სტუმარია დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;

როგორ ცხოვრობენ საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები და რა მექანიზმები არსებობს მათი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის? – კვირის თემაში საკითხს აჯამებს ანანო ცინცაბაძე „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი;

სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკური აჟიოტაჟის დაწყნარების გზა კანონით მოქმედებაა – რა მთავარი მოთხოვნებით მიმართა ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციისა და შს სამინისტროებს

 

მიუხედავად მაღალი პოლიტიკური რეზონანსულობისა, ექსპრეზიდენტის საქმე არის როგორ სამართლებრივი, ასევე ჰუმანური კონტექსტის მქონე საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მთავარია უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლოს, სამართლიანი პროცედურებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სამართლიანი პროცედურისთვის მნიშვნელოვანი გარანტია ადვოკატის შეუზღუდავი მონაწილეობა პროცესში.

 

დავით ასათიანი -საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი ყოფილი პოლიტიკური სტატუსისა, იმსახურებს თავისუფალ გარემოში ადვოკატების დახმარებას და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

,,აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაცულ იქნას ადვოკატის ყოლის, მასთან შეხვედრისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლება, რაც ამ საქმეზე მნიშვნელოვანია, რადგან ადვოკატების მხრიდან იყო განცხადებები, რომ მათ გარკვეულწილად  ხელი ეშლებოდათ ამ პერიოდის განმავლობაში.

სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით ადვოკატების როლი მნიშვნელოვანია. ქართველი ადვოკატების შემთხვევაში დაცვის უფლება პრინციპში შეზღუდული არ არის. მათ ჰქონდათ არაერთი კომუნიკაცია ექსპრეზიდენტთან და იყო განცხადებები კომუნიკაციის ფარულობასთან დაკავშირებით და ეს კონფიდენციალურობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ჩვენი თხოვნისა და შუამდგომლობის საფუძველზე პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო ამერიკელი ადვოკატის დაშვება და ის ჩართულია ამ საქმეზე.

ჩვენ კითხვები გაგვიჩინა უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არშემოშვებამ, რადგანაც ადვოკატის ყოლის უფლება განმტკიცებულია კანონმდებლობით, საერთაშორისო აქტებით. ჩვენ ამაზეც მივმართეთ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, რათა მოვისმინოთ დამატებითი განმარტებები იმაზე, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ უკრაინელი ადვოკატი ვერ შემოვიდა საქართველოში“,- აღნიშნა ასათიანმა.

მისივე თქმით, ამერიკელი ადვოკატისგან განსხვავებით, უკრაინელი ადვოკატის ჩამოსვლაზე წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილან.

„ამერიკელმა ადვოკატმა თავიდანვე მოგვმართა, ყველა პროცედურა გავიარეთ და მის ჩამოსვლასა და შეხვედრას არანაირი ხელის შეშლა არ ჰქონია.

უკრაინელი ადვოკატი უკვე კიევიდან დაგვიკავშირდა და ამის საფუძველზე მივმართეთ უწყებებს და ალბათ, გვიპასუხებს შსს და იუსტიციის სამინისტრო.

მანამდე ასევე, უკრაინელმა ადვოკატმა გვთხოვა განმეორებით შეხვედრაზე შუამდგომლობა და ჩვენ ამ პროცესებს დავიცავთ“,- აღნიშნა დავით ასათიანმა.

მისივე განცხადებით, ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან ხშირად არ არის პრაქტიკაში, როდესაც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ არის ბრალდება და არის პატიმრობაში. მეტიც, მისივე განცხადებით, ეს საქართველოსთვის პირველი და ამ საქმეს ყველა შემთხვევაში ახლავს პოლიტიკური აჟიოტაჟი, ამის დაწყნარების ერთადერთი გზა კი არის კანონით მოქმედება.

,,უკვე საუკუნეა ჩამოყალიბებულია ცივილიზებული საზოგადოება თუ რა უფლებები შეიძლება ჰქონდეს ბრალდებულს, მსჯავრდებულს, მისი პროცესზე მონაწილეობა კი ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომ პირადად დაუპირისპირდეს მის წინაშე წამოჭრილ ბრალს, შესაბამისად, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მის წინააღმდეგ წარმოდგენილ მოწმეებს დაუსვას კითხვები, თუ საჭიროა განახორციელოს ჯვარედინი დაკითხვა და ა.შ. ეს არის სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი ელემენტი, ისევე როგორც ადვოკატის ყოლის უფლება.

მეორე მხრივ, მესმის, რომ არსებობს უსაფრთხოების კუთხით პრობლემა, რისკები სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით, მეორე არგუმენტად კი გვესმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული რისკები. რა თქმა უნდა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. შესაბამისი ორგანოების მხრიდან უნდა ვისმენდეთ დასაბუთებულად უფრო მეტ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალისტურია და  არგუმენტირებული ეს რისკები.

ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ხშირად მომხდარა ამერიკის თუ ევროპის სამართალწარმოებებში, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის ან მართლწესრიგის რისკის გამო ხდება ელექტრონული მართლმსაჯულების ფორმების გამოყენება

ეს აპრობირებული პროცედურაა, როდესაც არსებობს მსგავსი რისკები და ეს უნდა იყოს არგუმენტირებული და მყარი.

მე რაც მოვისმინე ზოგადი განცხადება სასამართლოში არგადაყვანაზე უკავშირდება უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკებს. ეს ორი არგუმენტი ჩემი აზრით, უფრო კარგად უნდა იყოს დასაბუთებული და ახსნილი საზოგადოებისთვის.

თუ რეალური რისკებია და ამას არ აქვს სხვა კონტექსტები, მაშინ ბრალდებულის მონაწილეობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი იქნება ეს ელექტრონული მართლმსაჯულებით თუ შესაბამისი დაწესებულების დარბაზიდან.

ორი მნიშვნელოვანი ელემენტია დასაცავი, როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ მართლმსაჯულებასთან, ერთი პროცესის საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამის ფორმებიც არსებობს. მეორე დაცული იყოს ადვოკატის ყოლის და მასთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

 

 

 

 

“ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა გვაქვს – რეალურად, სააკაშვილი მართავს სიტუაციას, ხელისუფლება ამ შერკინებაში მოპასუხეა”

 

„ოცნება“ ფაქტობრივად საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, როგორც საკუთარი მოსახლეობისგან, ისე დასავლეთისგან, –  განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ქართულ პოლიტიკაში ჩიხური ვითარების განმუხტვის შესაძლებლობებზე საუბრისას.

როგორც ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა, საქართველოში, ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა გვაქვს.

„სააკაშვილი მართავს ციხიდან და „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციიდან.

როდესაც ვსაუბრობ თვითიზოლაციაზე, ვგულისხმობ, რომ „ოცნება“ ფაქტობრივად საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, როგორც საკუთარი მოსახლეობისგან, ისე დასავლეთისგან. ის ფაქტობრივად გაემიჯნა საღ აზრს.

თითქოს უცნაურია, მაგრამ „ქართული ოცნება“ გადავიდა თავდაცვის პოზაში.

 

ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი

 

პატიმარი სააკაშვილი დღეს რეალურად არის სიტუაციის წარმმართველი, პოლიტიკის ტონის მიმცემი და მთელი ხელისუფლება თავისი სტრუქტურებით, ძალოვანი სისტემით, არის მოპასუხე ამ შერკინებაში. მაგრამ მთელი გამოწვევა ამ ყველაფერში გახლავთ ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე სიტუაცია ისე იძაბება, რომ დაპირისპირება შესაძლოა, ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან სრულმასშტაბიან დიქტატურაში.

ამას ყველაფერს ამძაფრებს საგარეო პოლიტიკური ფონი, რომელიც ასევე არნახულად რთულია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოძლიერებული რუსეთი, რომელიც სრულმასშტაბიან შეტევას ახორციელებს მთელი პოსტკავშირის სივრცის ფარგლებში, დასავლეთის წინააღმდეგ დასავლეთის განსადევნად, მე არ მახსენდება.

რუსეთი ცდილობს, ფერფლიდან წამოდგეს და ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას. პირველი ნაბიჯები ამისკენ გადადგა.

ბელორუსთან ერთიანი სახელმწიფოს შესახებ ხელშეკრულების დადებით. ნიშანდობლივია, რომ ლუკაშენკო სამი წელი უწევდა წინააღმდეგობას რუსეთს.

მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა სკამს შესწირა.

ნიშანდობლივია, რომ ახლა ამ პროცესს ვუყურებთ საქართველოში. მე არ შემეშინდება ამის თქმა.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიხვდება და რამდენად დაარქმევს რეალურ სახელს, იმ პროცესებს, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, და ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის სწორედ ის, რაც ლუკაშენკომ გააკეთა.

მეორე, მნიშვნელოვანია, როგორია დასავლეთის შეფასება მიმდინარე პროცესების და  რამდენად არის მზად საქართველო, რომ საქართველო კი არ დაიცვას, არამედ დაიცვას საკკუთარი ინტერესები ამ რეგიონში.

რადგან ეს არის რუსეთის გადამწყვეტი ბრძოლა დასავლეთის განსადევნად პოსტსაბჭოთა სივრციდან.

ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ის რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებთან, უკრაინის საზღრებთან. პოლონეთისა და ბალტიის სამივე ქვეყნის საზღვრებთან.

აქ არის ეკონომიკური მდგენელი, მაგალითად გაზის ფასი. საბოლოო ჯამში რუსეთის პოლიტიკური ინტერესი არის დასავლეთის განდევნა პოსტსაბჭოთა სივრციდან.

საქართველოში განვითარებული ამბები ამ საერთო სურათში ზუსტად ეწერება“. – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემა „კვირის თემაში“.

მისივე სიტყვებით, „დღეს, ფაქტობრივად, რუსეთი დასავლეთს “სახეს ახევს”. ამასთან, როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, ყოვლად შემაძრწუნებელი და შემზარავია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის დუმილი.

არ მინდა, განსაკუთრებული პესიმიზმის გაღვივებას შევუწყო ხელი,  თუმცა გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რეალურად  ვერ აფასებს საით მიდის პროცესი და რითი შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. – განაცხადა პოლიტოლოგმა  რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

მისი თქმით, დასავლეთს დღევანდელი დუმილი ცუდად დაუბრუნდება.

„განსაკუთრებით პესიმისტურად ვარ განწყობილი დასავლეთის მიმართ, რომელიც  რუსულ გაზზე მიბმული გახდა და დიდი იდეების მატარებელი ლიდერები დღეს დასავლეთს არ ჰყავს. ამიტომაც დღეს ის ისეთი დანაწევრებულია, როგორც არასდროს და არ ვიცი, რამდენად შეძლებს, ამ დიდ გამოწვევასთან გამკლავებას.

ყველა ის ცხელი წერტილი, რომელიც რუსეთმა გაუხსნა დასავლეთს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული ტესტი დასავლეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ტესტი არის, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის ყოვლად შემაძრწუნებელი და შემზარავი დუმილი.

დღეს, ფაქტობრივად, რუსეთი საქართველოში დასავლეთს სახეს ახევს, რომელიც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებების დაცვაში. დღეს გამოდის, რომ ის ამ როლზე უარს ამბობს.

დასავლეთისთვის მეორე ტესტი არის უკრაინა, იქ თითქოს ცოტა უკეთ არის საქმე.

რადგან ინგლისმა განაცხადა უკრაინის დაცვის მზაობა, ასევე საფრანგეთმა. ამერიკა ეხმარება შეიარაღებით და დაფინანსებით, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს რამდენად მზად იქნებიან ისინი პირდაპირი სამხედრო ძალით დაიცვან უკრაინა და ამით საკუთარი თვი დაიცვან, ძნელი სათქმელია.

პრინციპში, მათხოვრის პოზაში არც საქართველოა და არც უკრაინა. დასავლეთს თუ არ უღირს ამ ქვეყნებში საკუთარი ინტერესების დაცვა, ჩვენს დასაცავად დიდად თავს არ მოიკლავს.

ამიტომაც მან თავისი ინტერესები, სახე და იმიჯი უნდა დაიცვას. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა, და თუ ასე არ მოხდა, ჩვენც მაგრამ მათაც ძალიან მძიმედ მოუბრუნდებათ“. – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“.

 

 

როგორ ცხოვრობენ საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები და რა მექანიზმები არსებობს მათი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის? – ეს კითხვა ცივი ზამთრისა და პანდემიის პირობებში კვლავ აქტუალური, საკითხი კი დღემდე გადაუჭრელ გამოწვევად რჩება

 

დღეს ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში. არ არსებობს არც ერთიანი ბაზა და არც უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია – ამაზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა ანანო ცინცაბაძემ ისაუბრა.

განმარტავს, რომ საქართველოში უსახლკარობა ძალიან მძიმე და მწვავე პრობლემაა, ვინაიდან წლიდან წლამდე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პროგრესი პოლიტიკის ან სამოქმედო სტრატეგის ან დოკუმენტის შექმნის, არ ჩანს.

ამასთან, ამბობს, რომ „როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა საცხოვრისით უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი უფლება და საქართველო გამოცხადდა სოციალურ სახელმწიფოდ, გარკვეული სხივი გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე დარჩა“.

ანანო ცინცაბაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ღია საქართველოს საზოგადოების“ მონდომებითა და მცდელობით, ერთ-ერთ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნებოდა ჯგუფი, რომელიც სტრატეგიის დოკუმენტს შექმნიდა, თუმცა დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ ჯგუფმა სულ რაღაც ორი წელი იარსება და რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა მათ ვერ შეძლეს“.

შესაბამისად, პროცესი ამჟამად, გაჩერებულია. ამ ფონზე კი ისმის ლეგიტიმური კითხვა – რა პრობლემას ქმნის სტრატეგია დოკუმენტის არარსებობა.

 

ანანო ცინცაბაძე – “ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი

რას გვიჩვენებს კვლევები…

 

“პირველი რიგში, სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, არ იცის, რამდენი ადამიანი ჰყავს უსახლკარო, რა ჯგუფებია და რა მიზეზებით. ჩვენ კვლევები გვაქვს ჩატარებული და ნათლად ვხედავთ, რომ უსახლკარობა უამრავ სხვა სოციალურ პრობლემას უკავშირდება ჭარბვალიანობას, ჯანდაცვის სერვისების არარსებობას, სიღარიბეს, უმუშევრობას.

კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები ბინას ყიდიან იმის გამო, რომ მათ არ აქვთ თანხა გაიკეთონ ოპერაცია, ვერ იხდიან თანადაფინანსების თანხას, წამლების და ა.შ.”,- ამბობს ანანო ცინცაბაძე.

ამ თემაზე მომუშავე ადამიანები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ვალიდური სტატისტიკა რომ დათვალოს პირველ რიგში უნდა იცოდეს ვის აღიარებს უსახლკაროდ – მხოლოდ ჭერის არმქონეს თუ მათ, ვისაც გარკვეული თვითნაკეთი ნაგებობი აქვთ, მაგალითად, თავშესაფრად ქცეული. ან აღიარებს თუ არა იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს ქონებაში თვითდახმარების მიზნით არის შესული და ცხოვრობს რადგან სახელმწიფომ სხვა არაფერი შესთავაზა.

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ „ასეთი სამართლებრივი დეფინიცია ჩვენ არ გვაქვს, არსებობს გარკვეული ჩანაწერი თვითმმართველობის ორგანულ კანონში თუ ვინ არის მიუსაფარი პირი, მაგრამ ეს ჩანაწერი ძალიან ვიწროა და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

“შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი დეფინიცია – ვინ არის უსახლკარო, სახელმწიფო ვერ აწარმოებს ვალიდურ სტატისტიკას. დღეს ჩვენ არ გვაქვს არანაირი ლეგიტიმური ციფრი დავასახელოთ, რამდენია უსახლკარო თავშესაფრებიდან გამომდინარე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან არ არის ყველა მუნიციპალიტეტში და ესეც სერიოზული პრობლემაა, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში მყოფ ადამიანს მიუწვდება ხელი და ზოგს არა.

დაახლოებით მონაცემზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგალითად, რამდენი ადამიანი მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს და სთხოვს გარკვეულ სერვისს. ამ ადამიანთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 4 000, 6 000 ყოველ წელიწადს თბილისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ციფრს გვაწვდის.

მესამე პრობლემა, გარდა იმისა, რომ არ არის დეფინიცია და სტატისტიკა, სერვისების არარსებობაა. უსახლკარობის სერვისების საერთაშორისო სტანდარტებზე თუ ვილაპარაკებთ ძალიან მრავალფეროვანია, არ გულისხმობს მხოლოდ ჭერს, ის ადამიანს აძლევს გარკვეულ საცხოვრის და შემდგომ მკურნალობს მიზეზს, რის გამოც ადამიანი უსახლკარო გახდა.

თუ ადამიანმა საცხოვრისი გაყიდა, იმის გამო, რომ სამსახური ვერ იშოვა, ამ ადამიანს სჭირდება ტრენინგი, რომ შეძლოს არსებულ საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო იმასთან ერთად, რომ მას მისცეს საცხოვრისი, მაგრამ ასეთი სტრატეგია დღეს ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია”, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი.

რას სთავაზობს სახელმწიფო…

 

“2019 წელს მივიღეთ თბილისის მუნიციპალიტეტიდან პასუხი, რომ 4 000 მთხოვნელიდან, უსახლკარო სტატუსი, ისიც მერიის მიერ ლოკალურად დადგენილი კრიტერიუმებით მიენიჭა მხოლოდ 44 ადამიანს და აქედან დაკმაყოფილდა 11 ადამიანი. აღნიშნული 11 ადამიანი შესახლდა მაშინ ჯერ კიდევ თავისუფალ, ორხევის სოციალურ საცხოვრისში. ეს არის ერთი შენობა, რომლის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდა და დღესდღეობით , 200-ზე მეტი ადამიანია შესახლებული. ორხევის სოციალურ საცხოვრის აქვს უამრავი პრობლემა, ინფრასტრუქტურა ჩავარდნილია, კედლები არის უთხელესი, ოჯახები ვერ ემიჯნებიან ერთმანეთს, არ აქვთ პრივატული ცხოვრების პირობები. თბილისში, მეორე ასეთია ლილოს თავშესაფარი, რომელიც არის მხოლოდ ღამის გასათევი. ოფიციალური წესის მიხედვით, თუ უსახლკარო ღამეს გაათევს, ის ვალდებულია დილას გავიდეს თავშესაფრიდან”, – აღნიშნავს ანანო ცინცაბაძე.

 

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან 

 

“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირველ რიგში, ქვეყანას უნდა ჰქონდეს საცხოვრისის სტრატეგიის დოკუმენტი, რითაც უნდა განისაზღვროს ვინ არის უსახლკარო, ვის მოიაზრებს ქვეყანა უსახლკაროდ და შედგეს საკანონმდებლო დეფინიცია.

“შემდგომ უნდა განისაზღვროს ვისი პასუხისმგებლობაა უსახლკაროების მიხედვა და ამ პრობლემის გადაჭრა. საერთაშორისო სტანდარტით ეს არის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზედამხედველობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ეს უკანასკნელი მოქმედებს და იქცევა იმ პრინციპების საფუძველზე, რასაც ცენტრალური ხელისუფლება კარნახობს და უდგენს.

  • აუცილებელია ჩატარდეს თვისებრივი კვლევები; დავადგინოთ ზუსტი სტატისტიკა, დავადგინოთ რამდენი უსახლკარო გვყავს
  • დავადგინოთ მიზეზები – რატომ დარჩნენ ეს ადამიანები უსახლკაროდ, ხომ არ გვაქვს პრობლემა ფულად საკრედიტო ან ჯანდაცვის სისტემაში
  • აუცილებელია სერვისების განვითარება, რაც პირველ რიგში უნდა მიემართებოდეს კვლევით გამოკვეთილ მიზეზებს – ერთი უნდა ქმნიდეს საბინაო ფონდს და პარალელურად, მიემართებოდეს იმ პრობლემებს, რატომ დარჩა ესა თუ ის ადამიანი უსახლკაროდ.

რას გულისხმობს საბინაო ფონდი

 

“ეს არის მარაგი, სოციალური საცხოვრისების, სივრცეების, ასე ვთქვათ, ბინების, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და სოციალური სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე ანაწილებს იმ ბენეფიციარებზე, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი სოციალური საცხოვრისები, ცალკეული ბინები კონკრეტულ მშენებლობებზე, შეიძლება იყოს ქირის სერვისი, მაგრამ არა დროებითი.

ანანო ცინცაბაძის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთელი რიგი რესურსები როგორ შეაგროვოს ეს ფონდი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ მან მის ხელთ არსებული ყველა გზა გამოიყენა საბინაო ფონდის შესაქმნელად, მათ შორის, დონორები, ბიუჯეტი, მიწის გამოთავისუფლება, მიწის რეზერვი, მშენებლობებში თანხის ჩადება, კონკრეტული სუბსიდიები დეველოპერებისთვის.

“ამას ქართული სახელმწიფო ვერ იტყვის, რადგან არ არის არცერთი ნაბიჯი გადადგმული საბინაო ფონდის შესაქმნელად ცენტრალურ დონეზე, დღეს არსებული სერვისები მუნიციპალურ დონეზე ძალიან მწირია და პრობლემას რეალურად ვერ აღმოფხვრის, რაც შეეხება მზაობას, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ამუშავებს სოციალურ კოდექსს, რომლის ნაწილიც უნდა იყოს უსახლკარობა და დავიტოვოთ იმედი, რომ ეს სამუშაო ჯგუფი სოციალური კოდექსის ფარგლებში მაინც შეძლებს ღირსეული საცხოვრისის პირობების დამდგენი დოკუმენტის შემქნას”,- განაცხადა “ფორტუნასთან” „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა ანანო ცინცაბაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები