LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზა: „მე მანდ მისული ვარ გასართობად, კარგს ვჭამ, კარგს ვსვამ, ივენთებზე დავდივარ, არ ვარ ამბიციური და მატერიალისტი ადამიანი“

39
თამაზა

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თამაზა, თამაზ ლოხიშვილი, რომელმაც პოპულარობასა და პროექტის შესახებ ისაუბრა.

შენ საზოგადოებამ ტიკ-ტოკის საშუალებით გაგიცნო, არადა, როგორც ვიცი, პოპულარობა არ გინდოდა…

ერთ წლის წინ, ჩემმა მეგობარმა სახალისო ვიდეოები გადაიღო და დადო „ტიკ-ტოკზე“. ვიყავი წინააღმდეგი. ერთ დღეში ჰქონდა 300 ათასი ნახვა, იყო ცუდი კომენტარებიც, ამიტომ წაშლა მინდოდა. ამის გამო ჩემს მეგობარს 2 კვირის განმავლობაში არ ველაპარაკებოდი. ის კი მაინც დებდა და დებდა ვიდეოებს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ასე მგონია, რომ ახლა დავიწყე ცხოვრება. დიდი მადლობა ჩემს მეგობარ გიორგის, ის ახლაც გვერდით მიდგას და მეხმარება. ის ჩემი სოცმედია მენეჯერია.

საიდან გაქვს ეს იუმორი? კახეთიდან?

მე ვარ მცხეთის რაიონის სოფელი ქსოვრისიდან, წავუკახელებ კი. ზოგადად, სასაცილო ისტორიები არ ვიცი, მაგრამ გაშარჟება გამომდის. ეს არის ჩემი პლუსი, სიტუაციებიდან გამომდინარე ჩემი იუმორი იცვლება და ეს ხალხს მოსწონს.

განსაკუთრებული ჩაცმულობა გაქვს, გიყვარს ჭრელი ფერები და გამორჩეულად უვლი თავს… 

ძალიან მიყვარს განსხვავებულად ჩაცმა და მხიარული ფერები. ჩემი ჩაცმულობა ჩემს განწყობას გამოხატავს. ხან ვიწერ ხოლმე, მეორად ტანსაცმელსაც ვყიდულობ, 100-200 ლარად „ვიზმანებით“ ხოლმე, ეს არ „ტეხავს“, თუ 4000 ლარი მექნება, არ წავალ მეორადებში და ახლებს ვიყიდი. რაც შეეხება თმას, ამის გამო მაკრიტიკებდნენ, ქართველობას გვართმევენო…ერთხელ შეურაცხყოფაც კი მომაყენეს ქუჩაში, პასუხი არ გავეცი, მაგრამ შემდეგ ის ადამიანი მიხვდა თავის დანაშაულს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში? სულ კარგ ხასიათზე ყოფნა ხომ რთულია… 

არასდროს ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და არ მახსოვს წინა დღე. მომენტით ვცხოვრობ. რაც წარსულში მოხდა, არაფერი ეშველება და მომავალში რა იქნება, არავინ იცის.

მაკა ხიზანიშვილი და თამაზა, ამ ტანდემის შესახებ გვესაუბრე…

მეუბნებოდნენ, რომ ფორმაში ჩადგომა მჭირდებოდა. ვიყიდე „ფიდ პასი“ და უნდა ამეყვანა ტრენერი, მაკასთან დიდი რიგი იყო, 60 კაცი ჰყავდა. ჩემი იუმორით მოიხიბლა, მკაცრი იყო, მაგრამ შევუყვარდი. შემდეგ ჩვენი დუეტები აიტვირთა ინტერნეტში და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მაკა ახლა ძალიან დაკავებულია, კონკურსები აქვს, რამდენჯერმე გახდა „ბოდი ბილდინგში“ მსოფლიო ჩემპიონი. მაკას აქვს ნებისყოფა, საჭმელზე უარი თქვას, მე კი არ მაქვს ნებისყოფა, სადაც კარგი საჭმელი „გაეძრობა“, იქ ვჭამ.

„პრაიმ ჰაუსში“ როგორ მოხვდი?

მეგობრებმა მირჩიეს, მეუბნებოდნენ, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა, ახლა ვამაყობ, სადაც მოვხვდი, საოცარი სტაფია, საათივით აქვს აწყობილი „რუსთავი 2“- ს ყველაფერი. მე არ მიყვარს ნეგატივი, მანდ მისული ვარ გასართობად, კარგს ვჭამ, კარგს ვსვამ, ივენთებზე დავდივარ, მაქვს ფოტოსესიები. მაინცდამაინც რომ გავიმარჯვო, ეს ფაქტორი არ მოქმედებს. ვინც უნდა გაიმარჯვოს, ყველას გამარჯვება გამიხარდება. მე არ ვარ ამბიციური და მატერიალისტი ადამიანი. ლენუკაზე ვგიჟდები, მის ოჯახზე, მამაზე, ახლოდან ლენუკა რომ გავიცანი,  მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. იქ როგორიც ვარ, ის ვარ რეალურ ცხოვრებაშიც.

შენი საყვარელი კერძები დაგვისახელე…

ჩაქაფული, ხაშლამა, „ოსტრი“, პიურე, ლობიო, ტოლმა, ჩიხირთმა, ხინკალი, ხაჭაპური. მეც მიყვარს საჭმლის კეთება, მარტივია ჩემთვის, „ლაზანია“ გავაკეთე იმ დღეს პროექტში და გადაირია ყველა.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ბებიაჩემი, თინათინ რევაზიშვილი, ჩემი მშობლები, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები, რომლებიც კბილებით დამიცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g