LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზელენსკის 2 არჩევანი აქვს“ – რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და რა ბედი გველის ჩვენ / “პოლიტიკური სპექტრი თვითმმართველობას ისევ ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებს” / რა ვიცით „ომიკრონის“ პოსტკოვიდურ გამოვლინებებზე / “კვირის თემის” პოდკასტი

1
@fortuna106.9 (11)

ახალი შესაძლო ომის საფრთხეები – რამდენად შეძლებს საერთაშორისო დიპლომატია გამარჯვებას და რა შემთხვევაში დაიხევს რუსეთი უკან“კვირის თემის“ სტუმარია ხათუნა ლაგაზიძე პოლიტოლოგი;  

მანდატების შეწყვეტის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ახალი ველი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების წინ – ვინ რისთვის იბრძვის და ვისთვის არის 2 აპრილი გადამწყვეტი? – გადაცემის სტუმარია  – მაგდა პოპიაშვილი, თვითმმართველობის მკვლევარი; 

„ომიკრონის“ პოსტკოვიდური გართულებები – სტუმრად „კვირის თემაში“ ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი

 

 

“თუ ზელენსკი სამხედრო მოქმედებებს ცეცხლით უპასუხებს, მარტო დარჩება” – რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და რა ბედი გველის ჩვენ

 

იმ ფონზე, როდესაც უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, რუსეთის დუმამ კი პრეზიდენტ პუტინს სეპარატისტული ოლქების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების რეკომენდაციებით მიმართა, მოსალოდნელ სცენარებზე სხვადასხვაგვარ შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ კრემლის სამიზნე ამ ეტაპზე ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებია, სადაც ლაგაზიძის პროგნოზით, პუტინის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელია.

„კარგად ჩანს, რომ პუტინის სამიზნე ამ ეტაპზე არის მინიმუმ, ლუგანსკის და დონბასის ტერიტორიები და იქ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომლის საფუძველზეც შემდეგ რუსეთი დაიწყებს სამხედრო ოპერაციებს, ამ გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე რეალისტური სცენარი ჩანს.

დღევანდელი ინფორმაციებიც ამას ადასტურებს. ამას მოწმობს გერმანიის კანცლერის ორი დღის წინანდელი განცხადება, სადაც თქვა, რომ ზელენსკისგან ჩამოიტანა პირობა – საკონსტიტუციო ცვლილებები დონბასისა და ლუგანსკის სტატუსთან დაკავშირებით დაიწყება, ისევე როგორ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, ეს არის გათვალისწინებული მინსკის ხელშეკრულებით, რისი საბოლოო შედეგიც რეალურად უნდა იყოს უკრაინის ფედერალიზაცია.

მიზანია, რომ უკრაინისგან მიიღოს არშემდგარი სახელმწიფო და მეორე მხრივ, მუდმივად ჰქონდეს ლუგანსკს ვეტოს უფლება უკრაინის საგარეო კურსის პოლიტიკაზე, რაც თავისთავად ნიშნავს ნატო-ს კარის დაკეტვას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

„ზელენსკის 2 არჩევანი აქვს“ – უკრაინა კრემლის პროვოკაციების მოლოდინში

 

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თუ დონბასსა და ლუგანსკში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახლდა, ზელენსკი არჩევანის წინაშე დგება.

„ან სამხედრო ცეცხლით უნდა უპასუხოს და ამაში გარკვევით შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთი მას მხარს არ დაუჭერს, ის დარჩება მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სრული კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნის ჯარების შემოჭრისგან“ , – ამბობს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, რეალურად, დღეს დონბასსა და ლუგანსკში რუსეთის მიერ დაფინანსებული, წაქეზებული და გაწვრთნილი ჯგუფები იმყოფება, რომელთაც არ აცვიათ რუსული სამხედრო ფორმები, მაგრამ ასრულებენ რუსეთის საქმეს.

„ბაიდენმა განაცხადა, რომ მათი გააქტიურებაც კი აღქმული იქნება, როგორც რუსეთის შეტევა. თუ სამხედრო ოპერაციები დონბასსა და ლუგანსკს შეეხო მხოლოდ, დასავლეთის პოზიცია მაინც არის ის, რომ არ ჩაერთოს ომში. ძალიან რთულია, როცა ორმაგ სტანდარტს ვუყურებთ, მაგრამ ეს არის რეალობა. არის მეორე ვარიანტი – ზელენსკიმ თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო ოპერაციისგან დონბასსა და ლუგანსკში, როგორც ჩანს, ამაზეა უკვე მოლაპარაკებები დასავლეთთან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 “ევროპა დღეს გაცილებით უფრო თვალახელილია” – რა ბედი გველის ჩვენ

 

უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ და ევროპა ერთიანი პოზიციით გამოდიან, თუმცა პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ რიგ სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად განსხვავებული მიდგომები და კავშირები აქვთ რუსეთთან.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ნატო-ს პარალელურად, ახლა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ახალი სტრუქტურების შენება.

„ახლა ისეთი სიტუაცია, როდესაც ვერ ვისაუბრებთ რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან რუსეთის ამ ულტიმატუმმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის გამოფხიზლების საკითხი.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამან შეკრა და ერთიან პოზიციაზე დააყენა დაქსაქსული ნატო. ამას გერმანიის ხელისუფლების ბევრ რამეში აცდენილი განცხადებებიც მოწმობს.

მაგრამ ის, რომ ევროპა დღეს გაცილებით უფრო თვალახელილია, ვიდრე იყო დეკემბრის ულტიმატუმამდე, ეს ცხადია და დაიწყო ახალი, არა ნატო-ს ჩამნაცვლებელი, არამედ პარალელური უსაფრთხოების თემების და სტრუქტურების შენება. ამის მაგალითია, ბრიტანეთის, პოლონეთის, უკრაინის ასე ვთქვათ, ტრიოს ინიციატივა, რომელსაც აქვს რეალური პერსპექტივა გაგრძელდეს საქართველოსა და თურქეთის მიმართულებითაც”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

ლაგაზიძე ოპოზიციას: როგორ გინდა ხმა მოგცე, როცა არ გაქვს ხედვა, როგორ დამიცვა, არ ვამბობ, რომ ვინმემ თოფი დაიჭიროს ხელში

 

იმ ფონზე, როდესაც უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, საქართველოში კვლავ არ ცხრება დისკუსია ხელისუფლების თავშეკავებული პოზიციისა და უკრაინის მეტი მხარდაჭერის საჭიროების გარშემო. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს და უკრაინის მხარდასაჭერად დღემდე გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილია.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ საერთაშორისო პარტნიორების მაღალი დიპლომატიური სიფრთხილით მოქმედების ფონზე, საქართველოსაც ფრთხილი პოზიცია ჰქონდეს, თუმცა მისივე განმარტებით, ხელისუფლების დუმილი რამდენად ნიშნავს სიფრთხილე ცალკე განსჯის საკითხია, – ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძემ ამ კონტექსტში ოპოზიციის პასიურ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლების ოპონენტებს მეტი პასუხისმგბელობისკენ მოუწოდა.

“ვეთანხმები, რომ სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ რამდენად არის დუმილი სიფრთხილე ეს უკვე სხვა საკითხია. სიფრთხილე საჭიროა, რადგან დასავლეთი თავად ვერ არის ჩამოყალიბებული თავის პოზიციაში, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, საქართველომ დაიწყოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ალტერნატიული მცირე კოალიციების ძებნა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ელის საქართველოს, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენა არსებობს და ყველა ამ სცენარის შემთხვევაში საქართველოსთვის რისკები და გამოწვევებიც იზრდება.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ არაფერი ვთქვა ხელისუფლებაზე, როდესაც უყურებ, რამდენად უსუსურია ქართული ოპოზიცია ამ საფრთხეებისა და გამოწვევების პირისპირ.

მე არ ვამბობ, რომ ვინმემ თოფი დაიჭიროს ხელში. წარმოიდგინეთ, ამერიკაში ევროპულ ქვეყანაში ოპოზიციური პარტია, რომელსაც არ აქვს ხედვა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების და სტრატეგია, როგორ დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქე.

ოპოზიციაში ყოფნა ამ პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ. როგორ გინდა ხმა მოგცე ამომრჩეველმა, როცა ელემენტარულად ის არ ვიცი, შენ როგორ ხედავ ჩემი უსაფრთხოების და დაცვის მექანიზმს. მათი მხრიდან უნდა იყოს ხედვები ალტერნატიული უსაფრთხოების შესახებ.

სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან საქართველო ცხოვრობს ჰიბრიდული ომის რეჟიმში, განსაკუთრებით 2016 წლიდან.

გერმანია ღიად აცხადებს, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება, [დაახლოებით, ათ წელიწადზე ვსაუბრობთ] უკრაინა ნატოში ვერ შევა, ეს ხომ ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოც ვერ შევა ნატო-ში. ასეთ შემთხვევაში, რას სთავაზობს ქართული ოპოზიცია საკუთარ ამომრჩევლებს. ამ და სხვა უამრავ კითხვაზე აუცილებელია პასუხი ჰქონდეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

პოლიტიკური სპექტრი თვითმმართველობას ისევ ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებს, თუ მათ საარჩევნო პროგრამას ჩახედავთ აღმოაჩენთ, რომ ხედვა საერთოდ არ აქვთ – მაგდა პოპიაშვილი

 

 

მანდატების შეწყვეტის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ახალი ველი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების წინ – ვინ რისთვის იბრძვის და ვისთვის არის 2 აპრილი გადამწყვეტი? – ამ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ თვითმმართველობის მკვლევარმა, მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა.

მისი დაკვირვებით, არჩევნების დასრულებიდან დღემდე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძალთა ბალანსი დარღვეულია ოპოზიციის სასარგებლოდ, ყველგან დაძაბული ვითარებაა.

„უფრო მეტად პოლიტიკური ინტერესების ფორსირება ხდება, ვიდრე ადგილობრივი ინტერესების, რაც ძალიან ცუდია“, – აღნიშნავს მაგდა პოპიაშვილი და დასძენს, რომ „სამწუხაროდ, თვითმმართველობის არსსა და ფუნქციას ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც ვერ ხვდება“.

 

 

„თუმცა ჩემთვის ოპოზიციური საკრებულო უფრო მისაღებია ამ ვითარებაში, რადგან კონტროლის უფრო მაღალი შესაძლებლობა იარსებებს. ზოგადად, კარგია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მიხვდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს რაღაც ძალა შესაძლოა ჰქონდეს, ცუდია ის, რომ ამ თვითმმართველობას ისევ იყენებენ რაღაც ძალაუფლების მოსაპოვებლად“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

თვითმმართველობის მკვლევარი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც 2 აპრილი გადაწყვეტს როგორი იქნება ძალთა ბალანსი საკრებულოებში, ოპოზიცია უფრო მობილიზებული უნდა იყოს.

„ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, ადმინისტრაციული რესურსის კონცენტრაცია, აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა საპოლიციო ძალების და მოქალაქეებზე ზემოქმედების, რაც შეაფერხებს ოპოზიციას გასამარჯვებლად, მიუხედავად იმისა, ვინ ეყოლება კანდიდატად რუსთავში, თუნდაც ის იყოს ჯაფარიძე, რომელიც გამოაგდეს პარლამენტიდან“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

მაგდა პოპიაშვილმა მოსახლეობის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გაწერილია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მაგრამ მაგდა პოპიაშვილის თქმითვე, ეს ფორმები არაეფექტურია.

„ეს ფორმები უფრო მეტად ცალმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს მოქალაქეებისკენ ანუ მოქალაქეების ჩართულობა ამ ფორმებით ნაკლებად ხდება. ყველაზე მთავარი პრობლემა არის თავად მოქალაქეების ინფორმირებულობა და ნიჰილიზმი. წლების განმავლობაში, ადამიანები რომ მიმართავენ პრობლემის მოსაგვარებლად და ვერ გვარდება, შემდეგ რაღაც ჩართულობა და საკითხების ერთად გადაწყვეტის ილუზიაც არ აქვთ“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისივე განცხადებით, 2 აპრილის შუალედური არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პარტიებისთვის და არა იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„სამწუხაროდ, მე ასე ვხედავ ამ პროცესს. პარტიებისთვის შუალედური არჩევნები არის ძალაუფლების მოხვეჭა ადგილზე და შემდეგ მცდელობა, რომ ცენტრშიც შეიცვალოს რამე. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თვითმმართველობას უფრო სხვა ფუნქცია აქვს.

რაც შეეხება მოქალაქეებს, თუ გავითვალისწინებთ თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე განვლილ პერიოდს, დღემდე არაფერი შეცვლილა და შეიძლება, შემდეგაც არაფერი შეიცვალოს, უბრალოდ, იქნება ხმაურიანი საკრებულოს სხდომები.

ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტი ეფიქრათ ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და მათი გამარჯვების შემთხვევაში მივიღებდით უფრო ძლიერ და ქმედით საკრებულოებს და არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.

თუ მათ საარჩევნო პროგრამას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ არ აქვს ხედვა, როგორ უნდა იმართოს ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტები, რადგან ჩემდა გასაოცრად, არ იცნობენ კანონს, არ იბრძვიან თვითმმართველობის გაძლიერებისკენ და მესამე, თავად პარტიებს აქვთ ცენტრალიზებული მმართველობის ფორმა და არ არიან მიჩვეული ადგილობრივ პრობლემატიკაზე ორიენტირებას”, – აღნიშნა მაგდა პოპიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”

შეგახსენებთ, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს აირჩევენ, ბათუმში კი – საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

 

 

 

გოგინავა: თუ ეპიდვითარება კლების დინამიკით წავიდა, ერთ კვირაში შესაძლოა, შეზღუდვები მოიხსნას, მათ შორის პირბადის ტარება გარე სივრცეში

 

 

“თუ სიტუაციის გაუმჯობესება ასეთი დინამიკით წავიდა და ყოველდღე გვქონდა უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე წინა დღეს, დაახლოებით, ერთ კვირაში შესაძლებელია, რომ გარკვეული შეზღუდვები კიდევ უფრო გამარტივდეს, მოიხსნას და ასე ვთქვათ, უფრო მშვიდ და თავისუფალ გარემოში მოუწიოს ჩვენს მოსახლეობას ცხოვრების გაგრძელება”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

 

 

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, კონკრეტულად, რომელი შეზღუდვის შემსუბუქება შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში შესაძლებელია გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა.

„ვიცით, რომ ამ ეტაპზე პირბადის ტარება გარე და შიდა სივრცეშიც აუცილებელია. ჩემი აზრით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეს წესი უნდა გადაიხედოს და მინიმუმ გარე სივრცეში აღარ გახდეს საჭირო მისი გამოყენება“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ მიემართება, თუმცა ინფექციონისტი აცხადებს, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი.

„ბოლო რამდენიმე დღეა დადებითი დინამიკა აღინიშნება. არის მოლოდინი, რომ მომავალ კვირაში ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მთავარი, რითაც ჩვენ ავიცილებთ სამომავლოდ ეპიდსიტუაციის დრამატულ გაუარესებას, ეს არის ვაქცინაციის პროცესი.

ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მოცვა არ არის კარგი, არის რისკები, რომ ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს და შემდეგ ეს აისახოს მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაზე

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ „ომიკრონისგან“ ვაქცინა არ გვიცავს, რაც ასე არ არის. ვაქცინა და მათ შორის, “ბუსტერ” დოზა გვიცავს ჩვენ დაავადების მძიმე მიმდინარეობის გავრცელებისგან. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა სამომავლოდ განიტვირთოს კლინიკური სექტორი, მნიშვნელოვანია ეს პერიოდი ვაქცინაციის უფრო აქტიური წარმართვისთვის გამოვიყენოთ, განსაკუთრებით რისკჯგუფებში.

რაც შეეხება “ბუსტერ” დოზას, დაავადების გადატანის შემდეგ, უკვე ერთი თვის დასრულების შემდეგ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ბუსტერ დოზა. ეს დამოკიდებულია გამოჯანმრთელების პერიოდზე. თუ ინფექციას მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა, ან თუ პოსტკოვიდური სიმპტომები რჩება, უმჯობესია გადავადდეს ბუსტერ დოზის გაკეთება“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

“თუ 2 კვირის შემდეგ ეს სიმპტომები რჩება ან ინტენსივობა იზრდება, მიმართეთ ექიმს” – რა ვიცით „ომიკრონის“ პოსტკოვიდურ გამოვლინებებზე

 

საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც კოვიდის გადატანის შემდეგ მიმართავს ექიმებს მრავალფეროვანი ჩივილებით, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა და გახანგრძლივებული კოვიდის ხშირი სიმპტომების შესახებ ისაუბრა.

„ეს არის დაწყებული ზოგადი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემა, შეიძლება იყოს, სახსრების, კუნთების ტკივილი, კიდურების დაბუჟება, გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქცია – შეიძლება იყოს 37,5 ან 38 გრადუსიც და ა.შ.

შეიძლება იყოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავება. მაგალითად, შემხვედრია პაციენტი, რომელსაც ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც კოვიდამდე იყო კარგად მართული და არ აწუხებდა, მაგრამ კოვიდის გადატანის შემდეგ კვლავ გაუჩნდა ეს პრობლემები.

ასევე, იზრდება გულ-სისხლძარღვთა რისკები ანუ საკმაოდ, ბევრი, მრავალფეროვანი სიმპტომი და ორგანიზმთა დაზიანება ახასიათებს კოვიდს, რომელიც შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

 

“მსოფლიოში არსად, იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, არ ითხოვენ დამატებით პისიარ ტესტის ჩატარებას” – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კოვიდ 19-ის „ფაზების“ დადგენის შესახებ

 

თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ჩვენ ვნახავთ, რომ არანაირ განმეორებით, პისიარ კვლევას არ საჭიროებას ადამიანი თუ მას არ აქვს იმუნოდეფიციტი და თუ არ გვაქვს, მართლა ეჭვი, რომ შესაძლოა ვირუსული ფაზა გახანგრძლივდეს, –  ასეთ განმარტებას აკეთებს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აკეთებს.

საქმე ეხება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს იმის შესახებ, რომ იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებელია პისიარ ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანმა უნდა გაიგოს ვირუსის ფაზა.

როგორც ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, 7-დღიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გადამდები არ არის.

“ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გადააქვს კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, ეს ეხება “ომიკრონს”, შვიდი, მაქსიმუმ 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები და არანაირი ფაზის და ციკლის განსაზღვრა არ არის ასე ვთქვათ, საჭირო.

თუმცა, არის ინდივიდუალური შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, როდესაც შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ვირუსის ციკლის განსაზღვრა, მაგრამ როგორც წესი, ამის აუცილებლობა ჩვეულებრივ არ დგას ხოლმე და ამას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.

თითქმის მთელ მსოფლიოში იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, არსად არ ითხოვენ დამატებით პისიარ ტესტის ჩატარებას, თუ შეხება არ აქვს იმუნოდეფიციტურ ადამიანთან შეხება ან თვითონ არ აქვს გარკვეული იმუნოდეფიციტი”, – განაცხადა ალექსადრე გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები