გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.
ე.წ. საზღვარის გადმოწევის შედეგად, საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.
მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. “რუსთავი 2”-თან საუბრისას ერთ ერთი მოსახლე აცხადებს რომ ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ, მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.
“ვნახეთ შემოიჭრნენ სიღრმეში უბნისა და მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს და ისხედით თბილისში მშვიდად, მშვიდად იყავით. თქვენი ხომ არაფერი იკარგება ვითომ და თქვენი არ არის. მარტო ჩემია ეს და ჩემი ოჯახის რომ ესე დაცემულიყო. სულს ვღაფავთ, რომ ყოველდღე გათენდება რა გავაკეთო, რითი ვარჩინო ჩემი ოჯახი…” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, თინათინ ბიძინაშვილი.
მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც განაცხადეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან გადადგმულ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს და უწყება აღნიშნულ პრობლემაზე ყველა სესაბამის ფორმატში ისაუბრებს.