LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნას“ დამფუძნებელი გურამ ჩიგოგიძე გარდაიცვალა

thumbnail (3)

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებით იუწყება, რომ ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში, გარდაიცვალა ჰოლდინგის დამფუძნებელი, ბატონი გურამ ჩიგოგიძე. მეგობრები და ახლობლები მას იხსენებენ, როგორც დიდ ქველმოქმედს, საუკეთესო მენეჯერსა და ხელმძღვანელს.

მან რადიო „ფორტუნა“ ამერიკელ პარტნიორებთან, „მეტრომედია ინთერნეშენალთან“ ერთად 1998 წელს გახსნა და უდიდესი გადატრიალება მოახდინა ქართული რადიომაუწყებლობის სფეროში. სწორედ გურამ ჩიგოგიძის ინიციატივით შეიქმნა დღეს ისეთ პოპულარული რადიოსადგურები, როგორებიცაა „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და “ავტორადიო“. მოგვიანებით კი ჰოლდინგს მუსიკალური ტელევიზია „მიუზიქ ბოქსიც“ შეემატა.

სწორედ გურამ ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით პირველად ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საუკუნის ფესტივალი, პირველი მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია, შეიქმნა უამრავი პროექტი. პირველად ქართული რადიო სივრცეში, „ფორტუნა“ გახდა მთავარი, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდამჭერი და მედიაპარტნიორი. სწორედ გურამ ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით „ფორტუნა“ გახდა პირველი მედიაჰოლდინგი, რომლის ოთხი რადიოსადგური პირველ ოთხეულს ინაწილებდა ეროვნული რადიოების რეიტინგში.

გურამ ჩიგოგიძე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებშიც. მან მონაწილეობა მიიღო კავთის წმინდა გიორგის და კავთის წმინდა მარიამის ეკლესიების, ასევე კატაულას წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენაში. მონაწილეობას იღებდა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობაში. ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს.

1997 წლამდე გურამ ჩიგოგიძე სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა. გახლდათ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. რადიოს გახსნის შემდეგ კი თავი მთლიანად მედიას მიუძღვნა. ბოლო წლებში ის საქმიანობას ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა, თუმცა ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული რადიოჰოლდინგის პროექტებსა და ახალ წამოწყებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g