ატელიე Bentley Mulliner–მა სედანის Flying Spur V8 სპეციალური ვერსია წარადგინა. ავტომობილი „მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის“ შეიქმნა. კლიენტის ვინაობას მწარმოებელი არ ასახელებს, თუმცა თუკი ვიზუალით ვიმსჯელებთ, საუბარი სანტა–კლაუსზეა.
საშობაო Bentley Flying Spur V8–ს სანტას მარხილში შებმული 8 ირმის საპატივცემულოდ – „რვიანი ირემი“ უწოდეს. სედანი ნაძვის ხის სათამაშოს ფერებშია შესრულებული და მასზე გეომეტრიული ნახატიცაა დატანილი.
ბრენდმა ავტომობილის კაპოტზე თავისი ემბლემის ნაცვლად ოქროს ირემი „დასვა“. ძარა ძვირადღირებული მეტალის ელემენტებითაა გაფორმებული. სალონში მაქსიმალური კომფორტია შექმნილი, მიუხედავად იმისა თუ რამდენად შორს მოუწევს სანტას მგზავრობა.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. ასე რომ შესაძლოა, Bentley Flying Spur ბიტურბო V8 4.0 ძრავით იყოს დაკომპლექტებული და პირველი „ასეულის“ განვითარება 4,1 წამში შეეძლოს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 318 კილომეტრი/საათია.