მარიამ გელბახიანი მედიისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა განათლება ნიუ იორკში მიიღო, სადაც თავისი პროფესიის დამსახურებით, უამრავ ვარსკვლავთან ჰქონია გადაკვეთის წერტილები, მათ შორის ბრედ პიტთანაც, რომელთანაც ხელოვნების შესახებ ისაუბრა და საქართველოც ახსენა…
მარიამ, გაგვაცანით თქვენი თავი. როგორც ვიცი, სწავლობდით ნიუ იორკში…
განათლება მივიღე ნიუ იორკში, სადაც ჩემი აკადემიური ინტერესები და პროფესიული მიზნები მნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა. ამერიკული გარემო და მრავალფეროვანი სტუდენტური კულტურა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა — სწორედ იქ შევძელი საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება და პროფესიული განვითარების მიმართულებების მკაფიოდ განსაზღვრა.
როგორი იყო თქვენი ამერიკული ცხოვრება? რას საქმიანობდით ნიუ იორკში ყოფნის პერიოდში?
ნიუ იორკში ცხოვრება ჩემთვის ერთდროულად გამოწვევაც იყო და უდიდესი მოტივაციის წყაროც. სწავლის პარალელურად, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პროექტთან, ერთ-ერთ არის Condé Nast, რაც მაძლევდა საშუალებას, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმომეტანა და პროფესიული ქსელი გამეფართოებინა.
ქალაქი მუდმივად მაძლევდა განვითარების სტიმულს — შეხვედრები, ტრენინგები, კულტურული ღონისძიებები და გარემო, სადაც ადამიანებს მუდმივად სურთ ზრდა, ჩემთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო.
როგორ აღმოჩნდით იმ წვეულებებზე, სადაც ცნობილი სახეები იყრიდნენ თავს? ვისთან გქონდათ კონკრეტულად შეხება, თუ შეიძლება, ვრცლად მოგვიყევით ამის შესახებ.
ნიუ იორკში ყოფნის პერიოდში მაქვს გამოცდილება ღონისძიებებზე დასწრების, სადაც განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები, – მათ შორის ცნობილი სახეები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს, ძირითადად, პროფესიულ წრეებში შექმნილი კავშირების დამსახურება იყო. მედიისა და მარკეტინგის სფეროში ვსაქმიანობდი და ერთ-ერთ ცნობილი კომპანიაში პიარკომუნიკაციის განხრით ვმუშაობდი, როდესაც ჩემი კომპანიიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ ჩემი ფავორიტი გალერეის დახურულ ღონისძიებას უნდა დავსწრებოდი. გამოფენა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მიმდინარეობის პარალელურად ტარდებოდა. კვირეულებს ვესწრებოდი და, შესაბამისად, მქონდა მოლოდინი, რომ ამ გამოფენაზე მოდის ინდუსტრიის ცნობილი ადამიანები იქნებოდნენ. გალერეაში ბრიტანელი თანამედროვე არტისტის, თომას ჰაუსეგოს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სანამ არტისტს ვეძებდი, აღმოვაჩინე, რომ საგამოფენო სივრცეში ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ. რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ერთ სივრცეში ვიყავი. სანამ თომასი თავისი ნამუშევრების ტურს გვიტარებდა, ჩემ გვერდით ბრედ პიტი დადგა, ამ დროს გალერეა აივსო ცნობილი სახეებით.
თომას ჰაუსეგო თანამედროვე სახელოვნებო სამყაროში ერთ-ერთი ცნობილი პერსონაა. Lévy Gorvy Dayan-ის გალერეაში გამართული გამოფენა მისთვის ერთგვარი შემოქმედებითი დაბრუნება იყო. სწორედ ამიტომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც არტისტისთვის, ასევე თანამედროვე სახელოვნებო წრისთვის.

საღამოს განმავლობაში პიტთან გასაუბრებაც შევძელი. მისდამი ჩემი პატივისცემა გამოვხატე და თომას ჰაუსეგოს ნამუშევრებზეც ვისაუბრეთ. როგორც თავად მითხრა, საქართველოზე სმენია და დიდი პატივისცემა გამოხატა. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ფოტოგრაფები, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი დაცვის გარეშე იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოდის კვირეულის ფარგლებში არაერთ ცნობილ ადამიანს შევხვდი, ეს გამოფენა მაინც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო.
თბილისში როდის დაბრუნდით და რას საქმიანობთ აქ?
თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი, რადგან მინდოდა, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ნიუ იორკში დავაგროვე, საქართველოში გამომეყენებინა. ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული პროფესიულ საქმიანობაში, ვმუშაობ პროექტებზე, რომლებიც ჩემს ინტერესებსა და განათლებასთან შესაფერისია. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანა – მეტს ვმუშაობ ადგილობრივ ინიციატივებზე, მარკეტინგის მხრივ მინდა, მოდის სფეროშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ვგეგმავ მომავალ ნაბიჯებს და ვცდილობ, საერთაშორისო გამოცდილება ქართულ რეალობას მაქსიმალურად კარგად მოვარგო.
მართალია, რომ ზოგჯერ ნახულობენ გარკვეულ მსგავსებას თქვენსა და ანჯელინა ჯოლის შორის?
15 წლიდან ხშირად მსმენია მსგავს შედარებაზე, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდობის სურათებზე, როგორც ოჯახში, სკოლაში, ასევე უცხო ადამიანებისგან, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და ადამიანების კეთილგანწყობას ვაფასებ. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი საკუთარი უნიკალურობით განისაზღვრებოდეს და არავის „ანალოგად“ არ უნდა განიხილებოდეს. დღესდღეობით, ვფიქრობ, ჩვენთან საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება არის ზუსტად იშვიათობა, მსგავს პროცედურებს იკეთებენ და ყველა ერთმანეთს ემსგავსება, რაც ნაკლებად ბუნებრივია და ინტერესს აკარგვინებს ადამიანს, ეს ჩემი პირადი აზრია. მე ბუნებრიობას ვირჩევ და ვანიჭებ უპირატესობას. ანჯელინა ჯოლი როგორც ქველმოქმედი, უფრო საინტერესო პიროვნებაა, რომლის საქმიანობასაც დიდი პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მიზნები, გამოცდილება და გზაც სრულიად განსხვავებულია. მსგავს შედარებას მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ცნობილ ადამიანთან ყოველთვის სოციალურ კონტექსტში მივიღებ — უფრო იუმორითა და სიმპათიით, ვიდრე სერიოზული პარალელის სახით. ამიტომ ამას დადებითად ვუყურებ, თუმცა საკუთარი პიროვნული და პროფესიული ინდივიდუალიზმის შენარჩუნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიზუალური მსგავსება.
