საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება, რომ დავით ბაგრატიონი, მეუღლესთან, ირინა ბეგაშვილთან ერთად პეტერბურგში გიორგი რომანოვის ქორწილს დაესწრო, სადაც დავით ბაგრატიონი სიძის მეჯვარე გახლდათ.
როგორც გვერდი წერს:
„საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი მეუღლესთან, პრინცესა ირინასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო.
რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი გიორგი რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა.
„საუკუნის ქორწილი” – ასე უწოდეს რუსეთში, მონარქისტულ წრეებსა და უცხოურ მედიაში რომანოვის ჯვრისწერას, რადგან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენელთა პირველი ქორწილია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასე გრანდიოზულად აღინიშნა.
ქორწილში 20-ზე მეტი სამეფო ოჯახი იყო მიწვეული, მათ შორის საქართველოს სამეფო ოჯახიც. ცერემონიალს 1500 ზე მეტი ადამიანი დაესწრო .
გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი გახლდათ.
დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის ბიძაშვილია. დავითის პაპა, ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონი და გიორგის ბებია, ლეონიდა ბაგრატიონ მუხრანელი და-ძმა იყვნენ.
რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნავად ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა.
30 სექტემბერი, დღე პირველი: წინასაქორწილო წვეულება კოქტეილის საღამო (welcome coctail) ვლადიმირის სასახლეში, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი რომანოვის დიდ პაპას. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბულგარეთის მეფე სიმეონ II და ბულგარეთის დედოფალი მარგარეტა; იტალიის ტახტის მემკვიდრე ემანუელ ფილიბერტო, ვენეციის პრინცი; ავღანეთის პრინცესა ნოალი; პრინცი იოაჰიმ მიურატი; პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბრაგანცას ჰერცოგი დომ დუარტე პიო; ალბანეთის ტახტის მემკვიდრე ლეკა II; ეგვიპტის მეფე საუდ და სხვანი“.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დღეს დავით ბაგრატიონსა და მის მეუღლეს საქართველოს დროშებით დამშვენებული პირბადეები ეკეთათ და ეს ფოტოც გამოაქვეყნეს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე.