უახლესი ჰიტების ტალღა 25 წლისაა! რადიო „ფორტუნა პლუსმა“ იუბილე შოუბიზნესის წევრებთან და რადიოს მეგობრებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა. მიღება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შენობაში გაიმართა, სადაც „ფორტუნა პლუსის“ გუნდმა სიამოვნებით მიიღო მილოცვები.
ლელა წურწუმია:
25 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ იყო ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწირია ბაზარი, იყო გემოვნებიანი და კონკურენტუნარიანი. „ფორტუნა პლუსს“ ქართველი მომღერლებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. თუ რამე სიმღერა ჩამიწერია, ყველა აქ მომქონდა… ჩემს ახალგაზრდობაში მხოლოდ ერთი რადიო იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და ძალიან მიყვარს, შემდეგ კი სტიქიურად შემოიჭრა „ფორტუნას“ ჰოლდინგი, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა. მინდა, დიდხანს სიცოცხლე, გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო ინფორმაცია ვუსურვო!.. მინდა, 25 წლის შემდეგ მოვიდე და 50 წლის იუბილეც მოგილოცოთ. დიდხანს იყავით და გაახარეთ თქვენი მსმენელის გულები!..
კახა მამულაშვილი:
„ფორტუნა პლუსი“ ძალიან მიყვარს მის წამყვანებთან ერთად. ძალიან დიდი ხანია, ვურთიერთობთ, რაც დაარსდა, ვარ ერთგული მსმენელი. დიდი მადლობა, რომ ლელას დიდი გულშემატკივარი ხართ და დიდ წარმატებას გისურვებთ!..

ქეთი გომართელი:
ვულოცავ დაბადების დღეს. „ფორტუნა პლუსი“ არ არის ჩემთვის უბრალოდ რადიო, რადგან სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ფორმატიდან გამომდინარე, ჩემი პირველი სიმღერა სწორედ ამ რადიოში გაჟღერდა და მომიტანა ადამიანების სიყვარული. გარდა ამისა, მე ვარ ჟურნალისტი და ჩემი პირველი სამსახური იყო რადიო „ფორტუნა პლუსი“. მიუხედავად იმისა, რომ გადარბენაზე ვარ და დილით ჩამოვედი ბათუმიდან, არც დამიშვია, რომ არ მოვსულიყავი, რადგან ეს არის ჩემი ოჯახი…

ია ჩანტლაძე:
ამ შენობაში რომ მოვდივარ, ძალიან ბედნიერი ვარ – მახსენდება ჩემი კარიერის დასაწყისი, ჩემი მეგობრები, ვინც ჰოლდინგს შემორჩა, მახარებს მათი ხილვა. მახარებს ისიც, რომ რადიოჰოლდინგი ამდენი წელია, წარმატებით ფუნქციონირებს, მათ შორის, რადიო „ფორტუნა პლუსიც“. გილოცავთ და მრავალი წელი გაგვეტარებინოს ერთად!..

დათო ხუჯაძე:
„ფორტუნა პლუსი“ ჩემთვის არის იცით, რა? რაც ჩემი შემოქმედება დაიწყო და მიმდინარეობს, დღემდე ჩემთან ერთად არის. არ ვიცი, ბიძაშვილია, ძმა თუ და, მაგრამ ძალიან ახლობელია..

გოგა ბერიძე:
„ფორტუნა პლუსთან“ ერთად ნახევარი ცხოვრება მაქვს გატარებული. ერთად გავიზარდეთ და განვვითარდით, ბევრისთვის „ფორტუნა პლუსი“ იყო საზომი, მის ეთერში მოხვედრა კი – პრესტიჟული. ეს იყო კიბე საჯაროობისკენ, სახალხო აღიარებისკენ. გემოვნება, ხარისხი და ზომიერება – ამ სამი სიტყვით დავახასიათებდი. ბევრი ბიზნესისთვისაც ეს რადიო ტრამპლინი გახდა. მომღერალი, ვინც „ფორტუნა პლუსზე“ ხვდებოდა, წარმატებული და პოპულარული იყო… საბედნიეროდ, 25 წლის განმავლობაში ეს თამასა არ დაუწევია. მსმენელი ისედაც ჰყავს და კიდევ უფრო მეტი წარმატება მინდა ვუსურვო….
ზურა ხაჩიძე:
ჩემთვის „ფორტუნა პლუსი“ ძალიან ძვირფასი რადიოსადგურია. ჩვენ თვალწინ დაიბადა, როცა ჩვენ „ფორტუნასთან“ ვმეგობრობდით, მის ბაზაზე შეიქმნა. ქართული თანამედროვე მუსიკის დიდი მხარდამჭერია, განსაკუთრებით, იმ ჟანრში, სადაც ჩვენ ამდენი წელია ვმუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ რადიოსადგურსაც და საერთოდ, მედიაჰოლდინგ „ფორტუნასაც“ იმისთვის, რასაც თანამედროვე ქართული მუსიკისთვის აკეთებს. ეს არის ძალიან ხარისხიანი რადიოსადგური, რომელიც საქართველოში მსმენელს აწვდის თანამედროვე მუსიკას და ამით გვანებივრებს. მინდა, ყველა თანამშრომელს, დამფუძნებლებს ვუსურვო წარმატება, ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, ვაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას.
თაკო მელიქიშვილი:
ვულოცავ ჩემს კოლეგებს! ეს არის თანამედროვე ჰიტების ტალღა, რომელიც გვჭირდება ყველას. ძალიან წარმატებული და რეიტინგული რადიოა…
ნინი ბადურაშვილი:
ერთად გავიზარდეთ, ასე გამოდის და „ფორტუნა პლუსი“ ჩემთვის ოჯახივითაა. როდესაც ახალ რაღაცას ვაკეთებ, არც კი ვფიქრობ, რომ სხვა რადიოში წავიღო, აუცილებლად უნდა მოვიდე აქ. ამდენი წელი ერთად გავიარეთ. ძალიან წარმატებული რადიოა, ამდენი საინტერესო პროექტით და რა უნდა ვუსურვო, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ექნებათ არაერთი საინტერესო პროექტი. ვუსურვებ განვითარებას და კიდევ უფრო მეტ მსმენელს, თუ ეს შესაძლებელია, რადგან ისედაც უამრავი მსმენელი ჰყავს.

ხატია შამუგია:
მე ვარ ის ადამიანი, ვის თვალწინაც დაიბადა „ფორტუნა პლუსი“. ჯერ იყო „ფორტუნა“, შემდეგ „ფორტუნა პლუსი“, ისტორია ასე იწყება. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის რადიო, რომელიც 25 წელია, უძლებს უდიდეს კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა FM დაკავებულია და არის კონკურენცია. რადიო „ფორტუნა პლუსი“ არ ღალატობს თავის სლოგანს – რიტმი, ენერგია და განწყობა, როცა ამ რადიოს ყურს მიადებ, ის ვერ აგერევა სხვაში… ეს არის ის გემოვნებიანი თანამედროვე მუსიკა, რომელსაც ყველა თაობის გემოვნებიანი მსმენელი უსმენს…

როგორც რადიოჰოლდინგის გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე აღნიშნავს – „ფორტუნა პლუსი“ რჩება ინოვაციის, ხარისხისა და თანამედროვე მუსიკის სიმბოლოდ და რადიოდ, რომელმაც საქართველოში მუსიკალური თვალსაწიერი გააფართოვა…“
თამარ ჩიგოგიძე:
1997 წელს, FM 106.9-ზე პირველად გაიჟღერა რადიო „ფორტუნამ“, რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა ქართული რადიოსივრცეში და სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. შემდგომ, 2000 წელს, ზუსტად 25 წლის წინ, მას წარმატებით მოჰყვა „ფორტუნა პლუსი“ — რადიო, რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა მუსიკალური ჰორიზონტები და ახალი სუნთქვა შემოიტანა ქართულ მედიაგარემოში.
„ფორტუნა პლუსი“ იქცა პლატფორმად, სადაც უამრავმა დღევანდელმა წარმატებულმა ადამიანმა აიდგა ფეხი. მისი სიძლიერე სწორედ გუნდშია — თითოეულ წამყვანში, მენეჯერსა და თანამშრომელში, რომლებიც ერთიანად ქმნიან მსმენელისთვის საუკეთესო გამოცდილებას.
დღეს „ფორტუნა პლუსი“ არა მხოლოდ მიჰყვება, არამედ თავადაც კარნახობს მსოფლიო მუსიკალურ ტენდენციებს. აქ თავს იყრის ყველაზე ტრენდული მუსიკა, გართობა და საუკეთესო განწყობა.
„ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი, რეზო კაკულია ამბობს, რომ მსმენელს, როგორც ყოველთვის, ახალი სეზონიდან სიახლეები ელოდება.

რეზო კაკულია:
ჩვენი რადიოსადგური ფორმატულად სიახლეებზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მუსიკალური თვალსაზრისით, ასე რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით ვყოფილიყავით ფლაგმანი რადიოსადგური უახლესი ჰიტების მხრივ და 103.5 იყო და არის ტალღა, სადაც მსმენელი პირველად ისმენს როგორც უცხოელი არტისტების ახალ სინგლებს, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების სიახლეებს. ყოველდღიურ რეჟიმში ვუყვებით მსმენელს მსოფლიო შოუბიზნესის სიახლეებს, ვაჟღერებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა სფეროდან.
რაც შეეხება სიახლეებს, რა თქმა უნდა, ახალი სეზონიდან გავაგრძელებთ მსმენელის უახლესი სიმღერებით „მომარაგებას“ და ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ, რომლებიც ალბათ ოქტომბრიდან ჩაეშვება ეთერში.
მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს გუნდს – „ფორტუნა პლუსის“ რადიოწამყვანებს მივულოცო იუბილე და ვუთხრა, რომ მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ 25 წელია, ჩვენი რადიოსადგური არ კარგავს პოპულარობას, ყოველთვის ტრენდშია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გუნება-განწყობილებას უკეთესობისკენ ცვლის.
საზეიმო მიღება ტორტის გაჭრით დასრულდა, რომლის გარშემოც თავი მოიყარა ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ეს ადგილი დღემდე რჩება საუკეთესო მუსიკალური მოგონებების დაგროვების ტალღად – გუნდი, რომელსაც მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქართულ FM დიაპაზონზე გატარებული 25 წელიწადი ასეთი საინტერესო, მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსეა…


