„№8 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები მოეწყო“, – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს და აცხადებს, რომ ოთახებში მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების კომფორტის შესაქმნელად ყველა პირობა არსებობს.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდადებულთა გარე სამყაროსა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, №18 პენიტენციურ დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურაც მოეწყო, რომელიც აქამდე ამ დაწესებულებაში არ არსებობდა.
№8 პენიტენციურ დაწესებულებაში კი, ახალი სივრცეები დაემატა, რაც სამსახურის ინფორმაციით, პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხვედრას კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის.
„გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში ყველა პირობა არსებობს მსჯავრდადებულისა და მისი ოჯახის წევრების კომფორტის შესაქმნელად. სივრცეები აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ინვენტარით.
პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობა საჭიროებისამებრ მომავალშიც გაგრძელდება, რაც მსჯავრდადებულთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ხელს შეუწყობს დაწესებულების პირობებთან მათ ადაპტაციას და გაუადვილებს საზოგადოებაში რეინტეგრაციას.“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.