ამჟამინდელი გლობალური ჯანმრთელობის კრიზისისა და პანდემიის გათვალისწინებით, ადამიანების ნაწილი უმეტეს დროს სახლში ატარებს. სახლიდან მუშაობს ან სწავლობს. ამაში დღეს უჩვეულო თითქოს არც არაფერია, თუმცა პერიოდულად ვრცელდება ამბები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და დადებით ემოციებს იწვევს იძულებითი თვითიზოლაციის პირობებში.
ერთ-ერთი ასეთი ამბის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
12 წლის გოგომ, რომელსაც მათემატიკის დავალების ამოხსნა გაუჭირდა, დახმარების თხოვნით მასწავლებელს მეილზე მიწერა.
მასწავლებელი კი მოსწავლის ფანჯრის წინ სასწავლო დაფით მივიდა და სოციალური დისტანციის სრული დაცვით შეეცადა აეხსნა გაკვეთილი.