LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, რომელმაც გოგა ჩანადირს პოპულარობა მოუტანა და მიზეზი, რის გამოც გია ჯაჯანიძე მაია ასათიანს კონკურენტად არ აღიქვამს

16

გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და ცხოვრების გარშემო წარიმართა.

გოგა, რატომ ფოტოგრაფია?
– ყველაფერი სტულიად შემთხვევით 15 წლის წინ მოხდა, დილის გადაცემის რედაქტორმა მომცა ფოტოაპარატი და რამდენიმე ფოტოს გადაღება მთხოვა.  პროფესიით კინოსცენარისტი ვარ და უფრო წერა მიყვარს, თუმცა, რაც შეეხება კითხვას რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დღეს ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ ფოტოგრაფიიდან არის და სწორედ იმიტომ. საბოლოო ჯამში კი ვფიქრობ, რომ წერას გავყვე.

– რომელი იყო პირველი ფოტო, რომელიც გადაიღე და რომელმაც პოპულარობა მოგიტანა?
– ეს იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს გადაღებული მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის ვარდებით ხელში პარლამენტში შევიდა. ამ ფოტომ მეტ-ნაკლებად პოპულარული გამხადა. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჩემს მიმართ ინტერესი გაჩნდა. დღეს ბევრ გამოცემასთან ვთანამშრომლობ. ფოტოგრაფიამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი. მაგალითად ვიცი, თბილისში, რომელ საათზე რომელი მხრიდან მიუდგება მზე და ა.შ.

რა გაღიზიანებს, როგორც ფოტოგრაფს?
– მაღიზიანებს ახლო-ახლო შენობები და ძველ უბნებში მაღალი შენობები. როდესაც ზემოდან ვიღებ თბილისს, ვხედავ, რომ სივრცე არის „შეჭმული“. ყველა ახალ პროექტს შიშით ვუყურებ, რადგან შენობის ესთეტიურ მხარეს არავინ ითვალისწინებს. აღარ არის ჰარმონია.

– ფოტოებს თუ ყიდი?
– სოციალური მედიის საშუალებით ხშირად ვდებ ფოტოებს, თუმცა ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. თუმცა, მეც არ ვდებ ფოტოებს იმიტომ, რომ გავყიდო, ჩემს გულისტკივილს გამოვხატავ ხშირად.

IMG_4292 (1)

რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ჰონორარებით?
– არ ვიცი ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, შესაბამისად ვერ ვიტყვი მაღალანაზღაურებადი ვარ თუ არა. ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიაში მე ჯერ კიდევ მაქვს სამუშაო და მაქვს შეკვეთები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვასრულებ. თუმცა, პრინციპულად, უარს ვამბობ ქორწილების გადაღებაზე.  არა იმიტომ, რომ რამე სათაკილოა, ეს არიც ცალკე საქმიანობა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ცოტა ფიცხი ადამიანი ვარ და მთვრალმა ადამიანმა რომ მიბრძანოს ამა თუ იმ კადრის გადაღება, შეიძლება ცუდი რეაქცია მქონდეს.

– რას გვეტყვი შენს ახალ პროექტზე?
– ეს არის წიგნის თემა. ვაპირებ ჩამოვაყალიბო მკითხველთა კლუბი და თვეში ერთხელ ან ორჯერ „ეროვნულ ბიბლიოეკაში“ განვიხილავთ წაკითხულ წიგნს. უნდა გავაკეთოთ ქუჩის მინი-ბიბლიოთეკა და ადამიანებს იქიდან წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება შეეძლებათ, ამ იდეის განხორციელებაში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ დაგვეხმარება, რომელიც წიგნებს შემოიტანს. იქნებ ადამიანების ჩვევა გახდეს კითხვა და ისევ მოდაში შემოვიდეს.

– როგორი ტიპის გოგონები მოგწონს?
– საზოგადოებრივად აქტიური, წიგნიერები. არ მიყვარს კონფორმისტები, საკუთარ ნაჭუჭში რომ გამოიკეტებიან და სხვა არ ადარდებთ. მე თვითონაც აქტიური ვარ და ასეთი ტიპის ქალებიც მომწონს.
– რა გაღიზიანებს?
– ყალბი სადღეგრძელოები და ყალბი პატრიოტიზმი.

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ხარ?
– თბილისი და ალბათ ნიუ-იორკი, სადაც არ ვყოფილვარ სამწუხაროდ. ძალიან მიყვარს მეგაპოლისები.

რა მუსიკას უსმენ?
– მიყვარს ფოლკი, კარგი რეპი, კლასიკა, პოპ-მუსიკა 60-70-80-იანი წლები, მსოფლიო ხალხთა მუსიკა და ჯაზის ცოცხალი შესრულება.
– წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის მეორე სტუმარი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე იყო. საუბარი მის პირად ცხოვრებას და საქმიანობას შეეხო.

– გია, დიდი ხანია ტელევიზიაში ხარ…
– დიახ, 35 წელია ტელევიზიაში ვარ, პრესაშიც მიმუშავია რედაქტორად და იმედია ეს წლები კიდევ უფრო გაიზრდება.

რომელი იყო შენი პირველი ინტერვიუ?
– ეს იყო შემოქმედებითი გაერთიანება „კავკასია“ პირველ არხზე და ემოცია აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს იმ ადამიანების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რომლებმაც მომცეს შანსი. ჩემი  ემოცია აღარ მახსოვს.

შენზე ამბობდნენ, რომ მკითხაობდი და თავს ასე ირჩენდი…
– კი, ამბობდნენ და უარეს რამეებსაც ამბობდნენ, მლანძღავდნენ ძალიან ბევრი კუთხით. ადრე ასეთ ადამიანებს არასოდეს პასუხს არ ვცემდი, მაგრამ ახლა პირიქით ვარ. არასოდეს პოპულარობისთვის არ მიბრძოლია, ყველაფერი თავისით მოდიოდა. უბრალოდ ყოველთვის სწორ ადგილას აღმოვჩნდი, არასოდეს არ ვუბრუნებ ადამიანს ლანძღვით ლანძღვას და ყოველთვის ვამბობ, რომ გაირკვევა და ყოველთვის მიმართლებს. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი იყო წარსულში და ახლაც არის.

IMG_4309

– გია, გყავდა სამი მეუღლე…
– ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლო იმაშია, რომ არასოდეს მახსოვს ცუდი ამბები. 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავქორწინდი… დღემდე სამივე სიდედრი ზამთარში მურაბებს მიგზავნის, დაბადების დღეზე კი სამივე ცოლი მირეკავს და მილოცავს.
რატომ გაშორდი?
– ყველაზე ცუდია, როდესაც ცოლი არ გიყავრს და მასთან ცხოვრობ. დღეს ჩვენ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ და მთავარი ეს არის. მყავს სამი შვილი, შვილიშვილები და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

დადიოდა ხმები, რომ კიდევ გეგმავ დაქორწინებას…
– ამ წუთში მე არავინ არ მომყავს ცოლად, შეყვარებული, რა თქმა უნდა ვარ, მაგრამ მე ერთი დღე არ მიცხოვრია სიყვარულის გარეშე. ალბათ ამიტომ ვარ სულ ბედნიერი და ალბათ ამიტომ არის, რომ 54 წლის ვარ და დღემდე სულ დავფრინავ სიზმარში.

– რომელია დღე, როდესაც ყველანი ერთად იკრიბებით?
– ასეთი დღე არ არსებობს.

შენს მეუღლეებს თუ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?
– კი, რა თქმა უნდა, ბავშვებს ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა და მათაც უწევთ. ვერ ვიტყვი, რომ დაქალობენ, მაგრამ კითხულობენ ერთმანეთს.  ჩემს გარშემო ყველაფერი იდეალურად არის დალაგებული.

ძალიან სკანდალურია შენი გადაცემა „სხვა რაკურსი“. რამდენად იყავი მზად ამ ყველაფრისთვის?
– რა თქმა უნდა, ახალი ყოველთვის რთულია. გამონაკლისი არც ჩემთან ყოფილა. პირველი გადაცემა ძალიან რთული იყო, თუმცა მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც ცემი გადაცემის რეიტინგულობაზე იწყებს ვინმე საუბარს, მე პირველ რიგში ჩემს პროდიუსერებს ვახსენებ, რადგან მათ გარეშე არ იქნებოდა ეს ყველაფერი. ორივე პროფესიონალია და ძალიან კარგად შეკრული სამკუთხედია, რაც საბოლოოდ გვაძლევს იმას, რაც არის. რაც შეეხება თემატიკას, პირველად ვამბობ ასე ღიად, ამ ყველაფრის არსი და კონცეფცია არის ის თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რა ხდება კულისებს მიღმა. მინდა ყველაფერი ვაჩვენო ფსიქოლოგებს, მთავრობას, საზოგადოებას, რომ რაც ხდება ამასთან მიმართებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს მის აღმოსაფხვრელად. ჩვენ არ ვწევთ არაფრის პროპაგადნას, მხოლოდ გაჩვენებთ, რა ხდება გარშემო.

– რამდენად არის მზად ქართველი მაყურებელი ამ ყველაფრისთვის? ხშირად გამოთქმულა კრიტიკა, რომ არასწორ რაღაცეებს უწევ პოპულარიზაციას…
– ეს არ არის პოპულარიზაცია, თან ჩვენ თუ დაველოდებით იმას, არის თუ არა მზად ქართველი საზოგადოება ამა თუ იმ რამისთვის, ასე ვერასოდეს ვერაფერს გავიგებთ. ხშირად, როდესაც აგრესია მოდის, იმას ნიშნაბვს, რომ რაც ხდება, აგრესიის გამოსაწვევია და სწორედ ამიტომ ვეხვევით კრიტიკის ქარ-ცეცხლში. ადამიანმა არ იცის, რომ ასეთი რამეები ხდება ჩუმად და რომ იგებს ამას, ბრაზდება. ის ჩემზე ბრაზდება, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის სათავე არა მე, არამედ არიან ვიღაცეები, ვინც ეს უნდა მოაგვარონ. დაე, დავზარალდე, ოღონდ ეს ყველაფერი ვინმემ გამოასწოროს.

– როგორ ითანხმებ ადამიანებს გადაცემაში მონაწილეობაზე?
– ჩვენ არავის ვეხვეწებით, უბრალოდ მათ უჭირთ, არ უნდათ იმ საქმით იყვნენ დაკავებულნი, რითიც არიან. მაგალითად მყავდა სექს-მუშაკი ქალბატონი, რომელსაც ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა სურდა.

– რაც შეეხება კონკურენციას…
– დროში თანხვედრის გამო დგება ის რეიტინგი რაც მაქვს. მე მაია ასათაინს კონკურენტად არ მივიჩნევ, ბრძოლას არ ვუცხადებ არავის.  ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. მეტსაც გეტყვით, ჩვენი გადაცემები ერთსა და იმავე დროს გადის და ამ დროს მე არა საკუთარ გადაცემას, არამედ „პროფილს“  ვუყურებ ხოლმე. ყველას ვუსურვებ იმას, რაც მე მინდა შემისრულდეს.

1 ოქტომბერს დაიწყება ახალი სეზონი და ძალიან მტკივნეული და კარგი გადაცემა გელოდებათ წინ. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მაყურებელს, რომ ჩვენს გამოგვაქვს დაფარული და იმას ვააშკარავებთ. არსებობს დაავადება, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ალპობს სხეულს, ამიტომ უნდა იყოს ნაჩვენები ყველაფერი, რომ დროულად ვიმკურნალოთ.

– წარმატებებს გისურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები