LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის იუბილე, ვარსკვლავის გახსნა და მადლობის წერილი: „არ არის მარტივი, უდიდესი მუსიკალური ტრადიციის ქვეყანაში მსმენელს თავი არათუ მოაწონო, შეაყვარო კიდეც…“

387
თეატრალურის კვარტეტი

3 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის იუბილე აღინიშნა, მოგვიანებით კი, საკონცერტო დარბაზის წინ მათი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.

„თეატრალურის კვარტეტი“ ზუსტად 20 წლის წინ თეატრალურ უნივერსიტეტში შეიქმნა და მის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის დათო არჩვაძეს, რომელსაც ბიჭებმა სცენიდან განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნეს.

კონცერტს ესწრებოდნენ ლეგენდარული კომპოზიტორები, რომელთა შემოქმედებას „თეატრალურის კვარტეტი“ ხშირად ასრულებს. კომპოზიტორებს განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ, როდესაც სცენაზე თავიანთი სიმღერების ძალიან ჰარმონიულ, ზუსტად შერწყმულ და ერთი ამოსუნთქვით შესრულებულ ვერსიებს ისმენდნენ.

კონცერტის მუსიკალურ მხარეზე იზრუნეს ქეთი გაბისიანმა, ნიკა ნიკვაშვილმა და თბილისის ოპერის ორკესტრმა.

საღამოს რეჟისორი გახლდათ ბაკურ ბაკურაძე, ხოლო წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე.

„თეატრალურის კვარტეტის “კოლეგები ხშირად ერთ-ერთ ყველაზე ჰარმონიულ ქართულ ანსამბლად მოიხსენიებენ და ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ვინც კონცერტს ესწრებოდა, დაგვეთანხმება, რომ ბიჭების შესრულებით ნებისმიერი სიმღერა ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ხდება.

განსაკუთრებულად საინტერესო იყო რეპერტუაში ძველი სიმღერების განახლებული ვარიანტებით მოსმენა, მათ შორის, მაყურებლის რეაქცია გამორჩეული იყო, როდესაც მამუკა ჩარკვიანის „მწვანე რტოები“ კვარტეტმა ახლებურად ააჟღერა.

ახლახან ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ გამოჩნდა სამადლობელო პოსტი, სადაც კიდევ ერთხელ შეაჯამეს განვლილი 20 წელიწადი, რომელიც ქართული სიმღერით არის სავსე:

„ჩვენო ძვირფასებო, პირველ რიგში, გვსურს ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რომელსაც აგერ უკვე 20 წელია ვგრძნობთ თითოეული თქვენგანისგან.

სწორედ ეს იყო სტიმულიცა და მოტივაციაც, რის საფუძველზეც 20-წლიანი გამოცდილება ერთ სიყვარულით სავსე კონცერტში ჩაგვეტია და თქვენამდე დიდი პასუხისმგებლობით მოგვეტანა.
არ არის მარტივი, უდიდესი მუსიკალური ტრადიციის ქვეყანაში მსმენელს თავი არათუ მოაწონო, შეაყვარო კიდეც. ეს უდიდესი პატივია ჩვენთვის და კიდევ უმთავრესი, ლეგენდების გვერდით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი, რომელიც საუკუნოდ შეინახავს ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიას.
გმადლობთ და ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე“.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ულოცავს ანსამბლ „თეატრალურის კვარტეტს“ 20 წლის იუბილესა და ვარსკვლავის გახსნას!..
მათ კი, ვინც კონცერტს ვერ დაესწრო, მისი ნახვა საახალწლო დღეებში „რუსთავი 2“-ის ეთერში შეუძლიათ…
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g