Tesla Cybertruck-ის წარმოების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ელექტროპიკაპი, რომელიც 2019 წელს წარადგინეს, 2023 წელს კონვეიერზე უნდა დადგეს. თუკი რა თქმა უნდა, ილონ მასკი ვადებს ისევ არ შეცვლის. ამასობაში კი გზებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება პიკაპის პროტოტიპები, რომლებიც საცდელად ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე გამოჰყავთ.
ბოლოს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მოდელს სამკუთხედის ფორმის უკანა ხედვის სარკე აქვს, რომელიც 6 მეტრის სიგრძის პიკაპის ფონზე მინიატიურულად გამოიყურება. არადა „ტესლა“ ადრე მოდელის ბაზარზე გამოყვანას საერთოდ სარკეების გარეშე განიხილავდა, ამ სარკეების როლი სენსორულ კამერებს უნდა შეესრულებინათ. თუმცა, ზოგიერთ შტატში არსებულმა კანონმდებლობამ მასკს გეგმების გადახედვა აიძულა, რამეთუ სარკეების გარეშე მანქანის გაყიდვა აკრძალულია.