გუშინ, „ოქროს გლობუსის“ 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მისი წამყვანი კომიკოსი, ნიკი გლეიზერი გახლდათ, რომელიც არ მოერიდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა. წლევანდელი ღონისძიება საზოგადოებამ უკვე მკაცრად გააკრიტიკა და ბევრმა ვარსკვლავმა ის დასრულებამდეც დატოვა.
ფოტო/ვიდეო: „ოქროს გლობუსის“ 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ვნებები ჩაცხრა და დღეს უკვე საზოგადოება პრაგმატულად აფასებს 83-ე დაჯილდოებას და მომხდარ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცერემონია ხმაურიანად დაიწყო. წამყვანმა გახსნის მონოლოგში თამამი და სკანდალური ხუმრობები არ დაიშურა.
ცერემონია, რომელიც ბევერლი-ჰილზში გაიმართა და პირდაპირ ეთერში CBS-სა და Paramount+-ზე გადაიცემოდა, გლეიზერმა ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე ხუმრობით გახსნა.
„ვერ ვიჯერებ, რამდენი ვარსკვლავია დღეს ამ დარბაზში. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ „სიაში“ არიან, რომელიც ძალიან არის რედაქტირებული. საუკეთესო მონტაჟისთვის „ოქროს გლობუსი“ დონალდ ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა“, – თქვა გლეიზერმა, რასაც დარბაზში როგორც სიცილი, ისე უკმაყოფილო ოხვრაც მოჰყვა.
პოლიტიკიდან გლეიზერი ჰოლივუდის ვარსკვლავებზე გადავიდა და განსაკუთრებული ყურადღება ლეონარდო დიკაპრიოს დაუთმო. ის ხუმრობით შეეხო 51 წლის მსახიობის ცნობილ რეპუტაციას, რომ ის მხოლოდ 25 წლამდე ასაკის ქალებს ხვდება.
„შენ საოცარი კარიერა გაქვს, მუშაობდი ყველა დიდ რეჟისორთან, მოიგე სამი „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“, ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს მიაღწიე მანამ, სანამ შენი შეყვარებული 30 წლის გახდებოდა“, – განაცხადა გლეიზერმა. ლეო წამყვანის ხუმრობებს უხერხული სიცილით შეხვდა.
