LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

51

ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს.

”დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და უკვე სრულად უზრუნველყოფს ფოთის 24-საათიან წყალმომარაგებას,” – აცხადებენ სამინისტროში.

პროექტის  გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ნაბადას ტერიტორიაზე, ახლადაშენებული ობიექტი დათვალიერა და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

ობიექტის მიმდებარედ მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ასახული იყო საქართველოს რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. პარალელურად, გაიმართა ფოთის წყალმომარაგების სისტემის პრეზენტაცია, ასევე მობილური ლაბორატორიის გამოყენებით წყლის სინჯების აღება და მართვის ელექტროსისტემის წარდგენა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24  მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა.

magti 5g