LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კინოს 5 მშვენება – რჩეული ფილმები

5904
#სტუმრადვარსკვლავთან

ფრანგულ კინოს გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიო კინოში, გამორჩეულ ხიბლს კი მას უნიჭიერესი და ულამაზესი ქალბატონები სძენენ

fortuna.ge ფრანგული კინოს 5 მშვენებას გაგახსენებთ:

კატრინ დენევი

გამოჩენილი ფრანგი მსახიობი  1943 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა, ვარსკვლავის სტატუსი კი მუსიკალურ ფილმში ,,შერბურული ქოლგები”(1964) შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. შემდეგ იყო როლები რომან პოლანსკის ,,ზიზღში” და ფილმში ,,გოგონა როშფორიდან“. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი როლი დრამაში ,,ინდო-ჩინეთი”(1992), რომელმაც მოიპოვა ოსკარი, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.

კატრინ დენევს ყველაზე ხმაურიანი რომანი კინოვარსკვლავ მარჩელო მასტროიანისთან ჰქონდა, რომელთანაც ქალიშვილი, კიარა შეეძინა. ამჟამად დენევი 77 წლისაა, თუმცა კვლავინდებურად შესანიშნავად გამოიყურება.

ჟულიეტ ბინოში

ფრანგი კინომსახიობი და მხატვარი 1964 წლის 9 მარტს, პარიზში დაიბადა. ბინოშმა მსოფლიოში სახელი გაითქვა ფილმებით „ინგლისელი პაციენტი“ (1996), „შოკოლადი“ (2000), „სამი ფერი: ლურჯი“ (1993) და „კაშე“ (2005). მას მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „ინგლისელი პაციენტი“ (1997) და „ცეზარი“ ფილმისთვის „სამი ფერი: ლურჯი“.

ჟულიეტ ბინოშს ორი შვილი – ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს. იგი ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.

მარიონ კოტიარი

ფრანგული კინოს მშვენება მარიონ კორიარი მაყურებელმა ცნობილი ფრენშაიზის, „ტაქსის“ პირველ ფილმში შესრულებული როლით გაიცნო.(1998) ამას მოჰყვა „ხანგრძლივი ნიშნობა“ (2004), რომლისთვისაც მარიონმა  ცეზარი დაიმსახურა. თუმცა მისი სამსახიობო კარიერის უმთავრესი როლი ცალსახად ედიტ პიაფი იყო ბიოპიკში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007), რამაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: ბაფტა, ცეზარი, ოქროს გლობუსი და რაც მთავარია, ოსკარი.

კოტიარი ამჟამად 45 წლისაა და თავის პარტნიორთან, რეჟისორ გიიომ კანესთან ერთად პარიზში ცხოვრობს.

სოფი მარსო

სოფი მარსო 1966 წლის 17 ნოემბერს პატარა ქალაქ ჟანტილში დაიბადა სრულიად ჩვეულებრივ, მძღოლისა და გამყვიდველის ოჯახში. მარსო კინოში შემთხვევით მოხვდა: იგი კინოსინჯებზე თავის მეგობარს გაჰყვა, მაგრამ როლი მიიღო.

პირველი წარმატება მარსოს მოუტანა ფილმმა „ბუმი“ (1980) და მისმა გაგრძელებამ „ბუმი 2“ (1982), რომლისთვისაც მან ყველაზე პერსპექტიული მსახიობისათვის დაწესებული ცეზარი მიიღო. 16 წლის ასაკში სოფიმ ჟერარ დეპარდიესა და კატრინ დენევთან ერთად ფილმში „ფორტ საგანი“ ითამაშა. ფართო აუდიტორიას მარსო „მამაცი გულიდანაც“(1995) ახსოვს, სადაც პრინცესა იზაბელას როლი შეასრულა.

 

ევა გრინი

ევა გრინი 1980 წლის 5 ივლისს დაიბადა. შვედური წარმოშობის ფრანგ მსახიობს პირველი აღიარება მოუტანა ფილმმა „მეოცნებენი“(2003), სადაც თამამ სცენებში მონაწილეობით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. შემდეგ იყო რიდლი სკოტის „ზეციური სამეფო“ (2005), სადაც ევამ იერუსალიმის დედოფლის, სიბილას როლი მოირგო. 2006 წელს ჯეიმზ ბონდის მორიგ ფილმში, „კაზინო როიალში“ შესრულებული როლისათვის გრინმა „ბაფტა“ დაიმსახურა.