ცნობილი მწერლისა და გახმაურებული რომანის – „99 ფრანკი“ ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში ჟურნალ „12“-ის მოწვევით ჩამოვიდა. ამგვარად, ჟურნალის მფლობელებმა დააანონსეს ნომერი, რომლის რედაქტორი ოლიკო ბაბლუანი გახლდათ. ამ ნომერში ბევრ საინტერესო მასალასთან ერთად, რომელთა შორის რეჟისორ გელა ბაბლუანის ინტერვიუც გახლავთ, ფრედერიკ ბეგბედერთან ოლიკო ბაბლუანის საუბარიცაა უამრავ საინტერესო თემაზე. ინტერვიუ პარიზშია ჩაწერილი.
ბეგბედერის თბილისური ვიზიტის ფარგლებში, მწერალი „ბიბლუსის გალერეაში“ შეხვდა საკუთარ თაყვანისმცემლებს, დაარიგა ავტოგრაფები, გადაიღო აურაცხელი რაოდენობის სელფი, დააგემოვნა ქართული სამზარეულო, გამგზავრებამდე კი „სტრადაში“ სპეციალურად ჟურნალის პრეზენტაციისთვის მოწყობილ შესანიშნავ წვეულებას დაესწრო, სადაც მას არც ერთი კერძის გასინჯვის საშუალება არ მიეცა, ვინაიდან მასთან ფოტოს გადაღებისა და ავტოგრაფების აღების მსურველთა ოდენობა დასაშვებს აჭარბებდა.
როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, მწერალი ვიზიტით კმაყოფილი დარჩა. ეს მისი „ფეისბუქის“ გვერდიდანაც კარგად გამოჩნდა, სადაც თბილისში გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის, ერთ-ერთი მკითხველებთან შეხვედრაზე და წააწერა: „როგორც იქნა, მივხვდი, რას ნიშნავს იყო ჯასტინ ბიბერი…“
ბახვა ბრეგვაძე, ჟურნალ „12“-ის დამფუძნებელი:
სხვა ჟურნალებისგან ჩვენი გამოცემა იმითაა განსხვავებული, რომ ყველა ნომერს სხვადასხვა რედაქტორი ჰყავს. ეს ჩვენგან ტიტანურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ამად ღირს, რადგან წარმატებული გამოდის. ეს ნომერი კი განსაკუთრებულია, რადგან ოლიკო ბაბლუანმა თბილისში ჩვენი ჟურნალის პრეზენტაციისთვის, ფრედერიკ ბეგბედერი მოიწვია. არ გვინდოდა, რომ მხოლოდ დახურული წვეულებისთვის ჩამოსულიყო, ამიტომ ვეცადეთ, საჯარო აქტივობები დაგვეგეგმა დაინტერესებული პირებისთვის. გავაკეთეთ კინოჩვენება, შეხვედრა „ბიბლუსში“, თუმცა უპრეცედენტო ინტერესის გამო, ყველამ ვერ მოახერხა ბეგბედერთან შეხვედრა. ყველა ამ ადამიანს ბოდიშს ვუხდით.
თავად ძალიან კმაყოფილია, გადაირია ქართულ სამზარეულოზე, ძალიან მოეწონა თბილისი და ადამიანები, რადგან მის მიმართ ძალიან დიდი სითბო გამოხატეს. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ასეთ თბილ დახვედრას მოუწყობდნენ. ჩემთვისაც სიუპრიზი იყო, ის ხომ მსახიობი და მომღერალი არ არის, რომ ყველამ იცოდეს. კითხვა-პასუხიდან გამომდინარეც, აშკარა იყო, რომ მასთან შესახვედრას მის შემოქმედებაში კარგად ჩახედული ადამიანები მოვიდნენ. იყო შეხვედრა მწერალთა სახლში. იქაც, რასაკვირველია, ვერ მოხვდა ყველა მსურველი, მაგრამ დარბაზი სავსე იყო… შემდეგში, თუკი სხვა ჩვენი სტუმარი დიდი ხნით ჩამოვა, ვეცდებით, ყველა შევახვედროთ.
რაც შეეხება ჟურნალს, ის უკვე ორშაბათიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. აქ არის ინტერვიუ ფრედერიკ ბეგბედერთან, ასევე ნახავთ ოლიკოს რძლის, გიორგი ბაბლუანის მეუღლის, ცნობილი მოდელის, ბოიანა პანიკის მონაწილეობით სპეცპროექტს.
ნიკა წულუკიძე, ტელეწამყვანი:
სამწუხაროდ, არ მქონია გასაუბრების საშუალება ბეგბედერთან. გული მწყდება, რომ არ ვერ გავიცანი პირადად. მიხარია, რომ მას ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. კარგი იქნება, თუკი ეს გულწრფელი გულშემატკივრობაა და არა მოდას აყოლა. რაც მეტს წავიკითხავთ და მეტი გვეცოდინება, უკეთესია.
გელა ბაბლუანი, რეჟისორი:
ფრედერიკ ბეგბედერი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. გამორჩეულად მიყვარს მისი ნაწარმოები – „99 ფრანკი“… მას შორიდან ვიცნობდი და ახლა პირადად გავიცანი.
ამ წიგნს თუ გადაიღებდით თქვენებური ხედვით?
ეკრანიზაცია უკვე არსებობს… როგორც წიგნი მომწონს, მაგრამ წიგნების ადაპტაცია ძალიან რთული საქმეა (იღიმის).
ნინო მურღულია
ფოტოები: დათუნა აგასი