LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფრეკო” ფრის შემდეგ ჩიფსის წარმოებას გეგმავს

316

კომპანია ”ფრეკო” ფრის შემდეგ უკვე ჩიფსის წარმოებას განიხილავს. აღნიშნული პროდუქტის სატესტო წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა,  სექტემბერშივე ”ფრეკო” საკუთარ მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს.

”გვინდა, რომ ფრი ჩვენივე ნედლეულით ვაწარმოოთ. სწორედ ამ მიზნით, უკვე დავიწყეთ ახალციხეში კარტოფილის თესვის პროცესი და სექტემბრიდან ”ფრეკოს” პროდუქციის 60% ჩვენივე ნედლეულით დამზადდება. 40%-ს კი კვლავ ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ”, – აღნიშნა ქურდაძემ. მისივე ინფორმაციით, ამას გარდა, კომპანია მაისიდან სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას იწყებს, სადაც ”ფრეკოს” ნედლეული შეინახება.

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებული ”ფრის” ადგილობრივით ჩანაცვლება ”ფრეკომ” ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული გაყინული კარტოფილი სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე წლის თებერვლიდან გამოჩნდა. ქართული ფრის ყიდვა მომხმარებელს ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ ”აგროჰაბში” და 40-ამდე კვების ობიექტში შეუძლია.

როგორც ირაკლი ქურდაძემ განმარტა, ”ფრეკოს” პროდუქციის უპირატესობა იმპორტირებულ ფრისთან შედარებით არის ხარისხი, გემოვნური თვისებები და ასევე ღირებულება.

შეგახსენებთ, ”ფრეკოს” ფრის მწარმოებელი ქარხანა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს და ის ოფიციალურად 2017 წლის იანვარში ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები