LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის კონფისკაცია უპრეცედენტო შემთხვევაა“ – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

69
Untitled design (1)

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში:

“გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი.

საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა.

შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g