“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის სურვილია,უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გააგზავნონ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია – პაპუაშვილი
“ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ,” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით წინსვლას მოიტანს.
“ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა, ბუნებრივია, ხდება მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და გვსურს უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.