„გაბრიელმა გვასწავლა როგორ შეიძლება ყველაზე საშინელი ეტაპი მქონდეს ცხოვრებაში და ამავდროულად ბედნიერიც… მასწავლა როგორ შეიძლება ყველაზე მეტად მტკიოდეს და თან მიხაროდეს…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს.
თაკო ბარბაქაძე ამბობს, რომ კრიტიკული დღეები მალე გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.
„გაბრიელმა გვასწავლა როგორ შეიძლება ყველაზე საშინელი ეტაპი მქონდეს ცხოვრებაში და ამავდროულად ბედნიერიც… მასწავლა როგორ შეიძლება ყველაზე მეტად მტკიოდეს და თან მიხაროდეს… ამ ორივე გრძნობას ერთად განვიცდი, თუმცა რა უფლება მაქვს წუწუნის ან დანებების გაბრიელმა მე და გიო აგვირჩია მშობლებად. ჩვენთან გადაწყვიტა მოვლენა და ცხოვრებაში თუ ოდესმე ფეხს წამოჰკრავს მე ყოველთვის გვერდით ვედგები ყველა ეტაპზე… ვასწავლი როგორ იყოს ბედნიერი, როგორ იყოს კეთილი და როგორ უყვარდეს ყველა… ადამიანები, ცხოველები და ზოგადად ბუნება… ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები… ვეცდები რომ მისი ცხოვრების ეს ეტაპი და 5 ჯერ გაჭრილი მუცელი მხოლოდ და მხოლოდ იარად დარჩეს და ბოლოს მინდა გითხრათ რომ იდეალური არც მე და არც მამამისი არ ვართ… ვბრაზდებით კიდეც ვჩხუბობთ კიდეც ღამე ბევრჯერ გამითენებია და მიტირია კიდეც რადგან გაბრიელი არ იძინებდა შიმშილის გამო… ყველა გათენებული და გულნატკენი ღამე დამრჩება და არსად წავა, თუმცა ეს დღეებიც ხომ გაივლის? როცა საკუთარ თავს იმას ვუმეორებ რომ ხვალ შეიძლება ასეთი დღე ან ღამე აღარ მქონდეს თითქოს ლაგდება ყველაფერი. ცუდ დღეს აუცილებლად მოჰყვება კარგი დღეც და ეს ზუსტად ვიცი და აი ასე ყოველდღე უკეთეს დღეს ველოდები და თავს ამით ვიმშვიდებ ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად…“ – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პატარა გაბრიელ ჩადუნელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს.
