ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რთულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ასეთი ვითარება პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს:
“გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე.
გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა”, – თქვა მან.
თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი ეპიდვითარების ფონზე, მოქალაქეების აქტიურობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ყოველდღიურად 25 ათასი აცრა ტარდება.
შეგახსენებთ, 49 გარდაცვლილი და 5 914 ახალი შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა.
