გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის საჭიროების შესახებ ხვალ ტექნოპარკში საჯარო დისკუსია გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციიდან (სიფა) აცნობეს, კამპანია მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის დაწყების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორის მობილიზებასა და ჩართულობას დისკუსიებში, და გადახდისუუნარობის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
ღონისძიება ტარდება სიფა-ს მიერ განხორციელებული პროექტის გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების ფარგლებში USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით.
შეხვედრის პირველ ნაწილში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა გადახდისუუნარობის სისტემა და საინვესტიციო გარემო, უზრუნველყოფილი კრედიტორების მონაწილეობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სტატუსი, სასამართლოს როლი გადახდისუუნარობის პროცესში.
მოხსენებები გაკეთდება ინვესტორთა საბჭოს, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის, საქართველოს ბანკების ასოციაციის და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლების მიერ.
შეხვედრის მეორე ნაწილში დაგეგმილია პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. გეგმა მიმოიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ კამპანიის განმავლობაში იდენტიფიცირებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს და რეკომენდაციებს, ასევე რეფორმის განხორციელების დროს გასათვალისწინებელ პრინციპებსა და მიდგომებს.
