მას შემდეგ რაც რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლა გააუქმა, ხოლო ეგვიპტის მიმართულებით ფერენები აკრძალა, ამ ქვეყნებისკენ მიმართული ტურისტული ნაკადები ახალ მიმართულებებს ეძებენ. დაინეტერესდება თუ არა ტურისტების ეს ნაკადი საქართველოთი და რამდენად ეფექტურია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული აქტივობები? საკითხზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელძღვანელს მაია სიდამონიძეს ვესაუბრეთ:
– რუსი ტურისტების ნაკადი აირჩევს, ალბათ, მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებას და მათ შორის, შეიძლება, შედიოდეს საქართვლოც. ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა ტურიზმის ადმინისტრაციამ კამპანიის კუთხით, მაგრამ რამდენად უღირს საქართველოს ამაში ფულის ჩადება, რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი საქართველოსათვის ტურიზმის კუთხით. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც მან გააკეთა თურქეთთან და ეგვიპტესთან მიმართებაში.
რეალურად, ტურისტებს, რომელებიც დაინტერესებული იყვენენ თურქეთით და ეგვიპტით, უყვართ თბილი ქვეყნები, ალბათ, დუბაიში და აღმოსავლეთის ქვეყნებში გადანაწილდებიან. შეიძლება იყოს დაინეტერესება საქართველოთიც, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება მოკლევადიანი და ვერ მივიღებთ მნიშვნელოვან სარგებელს. უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი, რადგან მას მარტივად შეუძლია იგივენაირად საქართველოს შემთხვევაშიც მოიქცეს.
– რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, რუსული ტურისტული სააგენტოს კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც რუსები ზამთრის შვებულების გატარებას აპირებენ, საქართველოს მესამე ადგილი უჭირავს, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებლია. რას უკავშირებთ ზამთრის კურორტებით რუსი ტურისტების დაინეტერესებას? ღირს თუ არა ამ მიმართულებით კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება?
– გუდაური ძალიან უყვართ რუსებს, უკრაინელებს.. ახლაც რომ გადავხედოთ ზამთრის კურორტებს, თითქმის ბოლომდე დაჯავშნილია სასტუმროები. რეალური პრობლემა ჩვენს ზამთრის კურორტებზე არის ის, რომ განთავსების საშუალებების დეფიციტია.
– რამდენად ეფექტურია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიები? ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები ჩამოჰყავს. ეფექტურია თუ არა ეს კამპანია?
– მე ვფიქრობ, რომ მათ მიერ გაწეული დანახარჯები არ არის მართებული, იქიდან გამომდინარე, რომ გამოფენებში მონაწილეობა და პრეს-ტურების მოწყობა არის რუტინული აქტივობები. არ მუშაობენ ახალ ბაზრებზე, არ ინტერესდებიან ახალი ქვეყნების მოძიებით. კამპანიების ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ იმ ბაზრებზე, საიდანაც დაინტერესება ისედაც მზარდია, არაეფექტურია. აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი ტურისტული ბაზრების მოძიება. მათთვის პრიორიტეტული არ არის მაგალითად აზია და როცა შემოფრინდება Fly Dubai, Air Arabia, მათი მგზავრების ნახევარს ქვეყანაში არ უშვებენ. ამდენ რესურსს ხარჯავენ კამპანიებზე და როცა ტურისტი ჩამოდის ადეპორტირებენ.
– თუმცა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის პრეროგატივაა, რომელიც უსაფრთხოების და სხვა ნორმებიდან გამომდინარე მოქმედებს.
– სწორედ ამისათვის საჭიროა უწყებათაშორისი კომუნიკცაია, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადამიანიტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ასევე კერძო სექტორთან და ადგილობრივ კომპანიებთან, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტები განსაზღვროს. ქვეყანა რეალურად რესურსს ხარჯავს ამ ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე.
– დივერსიფიკაცია ახსენეთ. რომელი ტურისტული ბაზარი იქნება საქართველოსთვის პოტენციურად მომგებიანი?
– ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შეიძლება აქცენტის გაკეთება. ასევე, მაგალითად, პოლონეთზე, სადაც ამ მიმართულებით არაფერი კეთდება და ეს უარყოფითად აისახება საერთო პროცენტულ მაჩვენებელზე. ასევე ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან ტურისტული აქტივობა მაღალია. ასევე აზიის ქვეყნებიდან ჩინეთი, იაპონია.
ავტორი: ეკა გაზდელიანი