LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებულ სამეფოში ბავშვების დასაცავად ელექტრონულ სიგარეტებს ნაკლებად მიმზიდველი სახელწოდებები ექნებათ

112
ელექტრონული სიგარეტი

გაერთიანებულ სამეფოში, საყოველთაო კონსულტაციების საფუძველზე, წარდგენილია ახალი ინიციატივა, რომელიც არასრულწლოვნებში ელექტრონული სიგარეტების (ვეიპების) მიმართ ინტერესის შესამცირებლად ითვალისწინებს სადა შეფუთვის შემოღებას, არომატების მიმზიდველი აღწერილობების  და საკონდიტრო ნაწარმთან, ტკბილეულთან და ალკოჰოლთან ასოცირებული სახელწოდებების აკრძალვას, ასევე, მაღაზიებში აღნიშნული პროდუქციის თვალთახედვის არიდან მოშორებას.

„ელექტრონული სიგარეტები, ტრადიციულთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლებად მავნებელია და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ზრდასრული მწეველებისთვის თამბაქოსთვის თავის დანებებაში, თუმცა ისინი არ უნდა იყოს გარეკლამებული ისე, რომ ბავშვები აცდუნოს. არ შეიძლება, რომ ნიკოტინის შემცველი პროდუქტები ნეონისფერ შეფუთვებში იყიდებოდეს, მასზე ანიმაციური ფილმების პერსონაჟები იყოს გამოსახული ან გამოყენებული იყოს ბავშვების ყურადღების მისაქცევად შექმნილი არომატები და ბრენდინგი“,  – აცხადებს ჯეიმს მარი, ჯანდაცვის მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ 100 დღიანი კონსულტაცია მოჰყვა ახლახან მიღებულ „თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტების შესახებ აქტს“. ეს კანონი აყალიბებს წინადადებებს გაერთიანებულ სამეფოში პირველი „არამწეველი თაობის“ შესაქმნელად, რაც დაიცავს ბავშვებს ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან, თუმცა, ამავდროულად, უზრუნველყოფს ზრდასრული მწეველების წვდომას ელექტრონულ სიგარეტებზე თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.

ამიერიდან, 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ. გარდა ამისა, კანონი აფართოებს თამბაქოსგან თავისუფალი სივრცეების არეალს და იძლევა უფლებამოსილებას, აიკრძალოს ვეიპინგი იმ ავტომობილებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, ასევე სათამაშო მოედნებზე, სკოლებისა და საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიებზე.

საკონსულტაციო გეგმა ასევე ითვალისწინებს სიგარეტის კოლოფებში სპეციალური ჩანართების განთავსებას, რომლებიც მყიდველებს მიაწვდის ინფორმაციას თამბაქოსთვის თავის დანებების გზებზე. ამასთან, იგეგმება, რომ თამბაქოს ყველა პროდუქტი სადა (ერთფეროვან) შეფუთვით გამოვიდეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციის „Action on Smoking and Health“ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, 2025 წელს, 11-დან 17 წლამდე ასაკის, დაახლოებით, ერთმა მილიონმა მოზარდმა (ანუ თითქმის ყოველმა მეხუთემ) დაადასტურა, რომ ელექტრონული სიგარეტი გაუსინჯავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები