კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მუდმივად ტარდება სადენზიფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები და ველობილიკები. თუმცა რა ელის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო ან დაანონსდა, ჯერჯერობით უცნობია. ამის გასარკვევად “ფორტუნა” თბილისის მერიას დაუკავშირდა.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და მომავალ კვირას გაკეთდება განცხადება, თუ რომელი პროექტები შეჩერდება და რომელი გაგრძელდება.

მერიაში ასევე გვითხრეს, რომ უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა, რომლისთვისაც მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე.
ხიდის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 48 მილიონ 101 092 ლარია. სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს.
ასევე გრძელდება ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დამონტაჟდა.
თუმცა არ დაწყებულა ქეთევან წამებულისა და წერეთელის გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
