LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

1386
startup-share-1200x627

ქვეყანაში მოქმედი დიდი თუ მცირე, ცნობილი თუ უცნობი, დამწყები თუ დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესები არც წელს არღვევენ ტრადიციას – ბიზნესდაჯილდოების პროექტი ყოველდღიურად ნომინანტების მიერ შემოტანილ განაცხადს განიხილავს!

დაჯილდოების მთავარი მიზანია, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება უკვე მეექვსედ, განახლებული ფორმატით და, რა თქმა უნდა, ჟიურის განახლებული შემადგენლობით იმართება.

ნომინაცია საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის ჟიურის წევრები პროექტზე, მის მნიშვნელობაზე და შეფასების კრიტერიუმებზე საუბრობენ.

დიანა კიღურაძე, VISA, კავკასიის რეგიონალური მენეჯერი

დიანა კუღურაძეს მიაჩნია, რომ კონკურენცია ერთგვარ ტრიგერია ბიზნესისთვის, უბიძგებს მას, დროის მოცემულ მომენტში აკეთოს მაქსიმუმი და არ შეწყვიტოს წინსვლა. კონკურენტული ბიზნესგარემოს გარეშე შეფერხდება ბიზნესგანვითარება და ბიზნესების სწრაფვა ინოვაციებისკენ. სწორედ კონკურენტული გარემოს შექმნას და ამ გარემოში მოქმედი ბიზნესების წახალისებას, მათი ცნობადობის ამაღლებას ემსახურება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც გამოწვევის გარდა, დიდი გამოცდილებაც იქნება ბიზნესისთვის. ეს არის შესაძლებლობა, ბიზნესებმა მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა ახალი ვებგვერდის, ბრენდინგისა თუ მედიამხარდაჭერის სახით.

კრიტერიუმები, რის მიხედვითაც დიანა ეცდება, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი გამოავლინოს, ასეთია:

  • პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას და ინოვაციურია

  • ბაზრის მოცულობა/ზრდის პოტენციალი

  • ბიზნეს მოდელი

  • კონკურენტული უპირატესობა

  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლებისთვის

  • გუნდის შეფასება

დავით ჩეჩლაშვილი, ტექნოლოგიური ანტრპრენერი

მისი აზრით, ბიზნესდაჯილდოება პიარის საუკეთესო საშუალებაა, რაც სტარტაპებს ხშირად არ აქვთ. კონკურსებში მონაწილეობა, ბიზნესს, პირველ რიგში, ზრდაში დაეხმარება, დამატებით კი კარგი იქნება გუნდის მოტივაციისთვის, რადგან გუნდის „გადაწვის“ ან დაშლის მიზეზი ხშირად მათ მიერ გაკეთებული საქმის „დაუფასებლობაა“.  ბიზნესდაჯილდოებას ასეთი ბიზნესების დანახვის და დაფასების ფუნქცია აქვს.

კრიტერიუმები, რის მიხედვითაც დავით ჩეჩელაშვილი შეაფასებს საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს:

„თუ სტარტაპს უკვე აქვს ე.წ. traction (ანუ აქვს შემოსავალი მომხმარებლისგან) და აქვს ზრდაც (კვირაში 3%-10%), ამ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები შედარებით მარტივია, რადგან სახეზეა გუნდის კომპეტენცია. აქ მნიშვნელოვანია რა შესაძლებლობები აქვს სტარტაპს, საჭიროა, დავადგინოთ, აქვს თუ არა სტარტაპს საკმარისი დრო, რომ გაიზარდოს იმ ტემპით, რაც ახასიათებს სარისკო კაპიტალისთვის (და არა Private Equity-სთვის) საინტერესო სტარტაპებს.

ხოლო თუ სტარტაპს მომხმარებელი ჯერ არ ჰყავს, მაშინ მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა მოიმოქმედა გუნდმა იმისთვის, რომ მის პროდუქტზე თუ მომსახურებაზე ეს მოთხოვნა გაჩნდეს. ბევრი გუნდი ძირითადად ფოკუსირებულია პროდუქტის წარმოებაზე და არა ბაზრის მოთხოვნაზე, რაც არასწორია. ამ ფაქტორებს გავითვალისწინებ საუკეთესოს შერჩევისას.“

პავლე მგელაძე, Amazon, რევერსული ლოჯისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი

ყველაზე დიდი წვლილი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესებს უკავიათ. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც უნდა გაიზარდნონ, დიდ ბიზნესებად იქცნენ და მასშტაბურად მოაგვარონ კონკრეტული პრობლემები.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ პრობლემის აქტუალობის დადგენა, რომლის მოგვარებასაც ცდილობს ესა, თუ ის ბიზნესი. შემდეგი ეტაპზე იმის დადგენა, თუ რამდენად სწორი პროდუქტები და სერვისები აქვთ შექმნილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როგორ გამოცდილებას სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს. მათი შექმნილი გამოცდილება, კარგად ასახავს გუნდის პროფესიონალიზმსა და მონდომების ხარისხს. შემდეგი ეტაპი უკვე მასშტაბირების პრობლემაა – ყველა წარმატებულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ცხადი ხედვა, თუ როგორ აპირებენ თავიანთი პროდუქტებისა თუ სერვისების მასშტაბირებას. აქედან გამოჩნდება, რამდენად კარგად იცნობენ კონკურენტებს და მათ შეთავაზებებს და რამდენად რეალურად აფასებენ ბაზარზე შექმნილ ბიზნესგარემოს. და ბოლოს – შეფასდება მათი კონკურენტული უპირატესობა და უნიკალური კომპეტენცია, რაც მათივე თავდაცვის საშუალება ხდება ბაზარზე სხვა ახლადშემოსული კონკურენტებისგან თავდასაცავად.“

სანდრო ასათიანი, UniLab, დირექტორი

გამარჯვების შანსის გარდა, ბიზნესდაჯილდოება ძალიან კარგი შანსია ურთიერთობების გასაფართოებლად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის და რაც მთავარია, კომპანიის პიარისთვის. ამ პროექტის ორგანიზატორების წყალობით, ბიზნესდაჯილდოება ერთგვარი საინფორმაციო ველია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა გამოიყენონ ეს ველი.

„შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, იქნება ის, თუ რამდენად იყენებს კომპანია ციფრულ ტექნოლოგიებს. მეორე – ინოვაციური, ანუ არასტანდარტული მიდგომა. ანუ, როგორ იყენებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, როგორ შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ეს ხედვა გამოიყენოს ახალი, პროდუქტის შექმნაში. გუგლის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, გუგლი არ იყო პირველი საძიებო სისტემა, მაგრამ ის, რაც მან შექმნა, აღმოჩნდა ყველაზე სრულყოფილი საძიებო სისტემა მანამდე არსებულთაგან. შესაბამისად, ჩემთვის გადამწყვეტი იქნება ის, თუ როგორ იყენებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს რაღაც მასშტაბურის შესაქმნელად.“

ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, თავმჯდომარე

ავთანდილ კასრაძე ამბობს, რომ საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, მისი სიძლიერე მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას. ბიზნესია ის ძალა, რომლითაც ქვეყანა უნდა განვითარდეს, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ კონკურსებს, რომლებიც ბიზნესგარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ბიზნესები კი მუდამ მზად უნდა იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. ბისნესდაჯილდოება სწორედ ასეთი  მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გამარჯვების შანსით, რომელიც შეიძლება გარდამტეხი გახდეს კომპანიისთვის.

„ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იქნება გუნდი. ანუ რამდენად კვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული ბიზნესი. მეორე – რამდენად გლობალურია პრობლემა, რომელის მოგვარებასაც ცდილობს ეს გუნდი. მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი არ შემოისაზღვროს მხოლოდ ქართული ბაზრით, არამედ ჰქონდეს მასშტაბებზე გასვლის პოტენციალი.“

მიხეილ წიკლაური, Apple, Tech Lead

ბიზნესდაჯილდოება, პირველ რიგში,  წაახალისებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას. ასეთი პროცესებით იქმნება ბიზნესგარემო.  ხოლო ჯანსაღი ბიზნესგარემოს არსებობა ქვეყანაში ნიშნავს, რომ ყველა საინტერესო იდეას აქვს განხორციელების საშუალება. სწორედ ასეთი განვითარებით შეძლებს ქვეყანა, თავი დაიმკვიდროს მსოფლიოს ინოვაციურ სივრცეში, რისკენაც დღეს ყველა ისწრაფვის.

„საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს შევარჩევ რამდენიმე კრიტერიუმით: იდეის სიახლე და მნიშვნელობა, გუნდის გამოცდილება, მასშტაბირების შესაძლებლობა და საქართველოს კონტექსტში აქტუალურობა.“

ბიზნესდაჯილდოების პროექტში რეგისტრაცია უკვე დაიწყო  და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება.

დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.businessaward, შემოიტანეთ განაცხადი და გააცანით თქვენი კომპანია უფრო ფართო აუდიტორიას!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g