2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე – 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.9 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის I კვარტალში 14.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 8.8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი).
2019 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.3 პროცენტი ქალია, ხოლო 57.7 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 619.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 2.6 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 183.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი).
2019 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 151.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 45.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 934.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 93.1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1 205.6 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1 291.2 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1 017.0ლარი.
2019 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.8 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.4 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.