LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია პოლიციელებს: უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად

209
გიორგი-გახარია-პოლიციელის-ხელფასი-არაადეკვატურია

ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გახარიამ განაცხადა, დღეს პოლიციელები თავიანთ დღეს ასმეერთედ აღნიშნავენ.

ღონისძიებაზე დაღუპული პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით, სად ვართ და ზუსტად ვიცით, რა გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ, ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მიმდინარე რეფორმებს სისტემური განახლება დავარქვით. სწორედ განახლება, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებით და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ.

ჩვენი მიზანია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და წარმატებულები მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლება. ეს არის ჩვენი უდიდესი მიზანი, რომელსაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ.

ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო და ვინც ემსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თქვენი მსახურება დღეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული მსახურება, ემსახურო შენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე. ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად“, – განაცხადა გახარიამ.

ლისის ტბაზე პროფესიული დღე სამართალდამცველებს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმაც მიულოცეს პირადად.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, პოლიციელების ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის მოეწყო თემატური ინსტალაციები, გამოფენები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი მოედნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები