მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნის როგორც მინისტრს, ისე მთელ უწყებას.
აღსანიშნავია, რომ პრემიერმა გაიხსენა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მაგალითები. ბახტაძის თქმით, ორივე შემთხვევაში, შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე, რამაც „მოიტანა ავტორიტარიზმი, ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი ომის შედეგებს“.
პრემიერმა თქვა, რომ 20-21 ივნისის დროს, ამის მცდელობა იყო უკვე მესამეჯერ.
„ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა – ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტომ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება, აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა.
თითოეულ ჩვენთაგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა, საქართველოს სახლემწიფოებრიობის მტერი.
ძალიან რთული წუთები იყო, რაც გავიარეთ. ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები და პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობასაც რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო სპეციალისტები.
არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი და ორგანიზაცია.
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.
გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა, კონკრეტული სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მიმდინარეობს გამოძიება, ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით.
ჩვენ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილისგან, იმ ხალხისგან, რომელმაც მოახდინა ამის პროვიცურება, გვაქვს მცდელობა იმისა, რომ დაამტკიცონ სრულიად საპირისპირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.