„გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება,“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რითაც ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარტია პოზიციას არ შეიცვლის და საკუთარი ღირებულებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
„ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ.
ჩვენ პოზიციებს არ ვიცვლით და ვაპირებთ ბრძოლას ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას, ეს არის გამორიცხული, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა, ორივე სწორედ იმ მეთოდებით შეინარჩუნოს და მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი.
მათი მიზანი არის ერთპიროვნული: ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ჩვენ კი ჩვენმა ამომრჩევლებმა დაგვავლეს, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენ ვრჩებით ჩვენი იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა.