LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალის ქართული მოსახლეობის მიმართ რუსული რბილი ძალა გააქტიურდა: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

116
ენგურის-ხიდი

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს რუსული რბილი ძალის გააქტიურებას გალის ქართული მოსახლეობის მიმართ. იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რასაც პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციები კიდევ უფრო ამძაფრებს, ჩნდება შესაძლებლობები, რომლებიც, ერთის მხრივ, მისცემთ საშუალებას, იზოლაციას თავი დააღწიონ, მაგრამ მეორეს მხრივ, ნათელს ხდის იმ პერსპექტივას, რომელიც გალელ ქართველებს დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს,” – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ მოკვლევაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოკვლევაში საუბარია აფხაზეთში რუსული და დე-ფაქტო მთავრობის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, რაც ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონის რუსულ სივრცეში ღრმა ინტეგრირების სახეს სულ უფრო მეტად იღებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის რბილი ძალა და მასთან თანხვედრაში მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკა თანმიმდევრულად აქტიურდება გალის რაიონში და მიმართულია იქაური ქართველების დანარჩენი საქართველოსგან კიდევ მეტად დისტანცირებაზე.

ორგანიზაციის მოკვლევაში, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ 25 მარტს, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ვიზიტად მყოფმა აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის მინისტრმა, გუდისა აგრბამ ხელი მოაწერა რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის 2021 წლის სამოქმედო გეგმას.

რუსეთის კულტურის მინისტრის ოლგა ლიუბიმოვას თქმით, რუსეთის ფედერაცია „განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთის რესპუბლიკასთან კულტურული ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას.“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი ეწვია.

მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება აფხაზურ მედიაში გაშუქდა და შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზეც განთავსდა, თუმცა სოხუმში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია, რა იყო განხილვის საგანი დე-ფაქტო მთავრობასა და რუს სტუმრებს შორის, თუმცა მოსალოდნელია რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაციის მეტი ინტენსივობით წარმართვა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, გალში.

“ასევე, ელიან, რომ გალის რაიონში მოქმედი კულტურულ-შემოქმედებითი ანსამბლები რუსეთში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან, რაც მათ, სავარაუდოდ, ფინანსურ უზრუნველყოფასაც მოუტანს. გარდა ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი კარს გაუხსნის გალის ახალგაზრდობას თავის კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გალში საზოგადოებრივი განწყობების სათავისოდ შეცვლას,” – ვკითხულობთ მოკვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული მოვლენების თანადროულად, 5 აპრილს გალს აფხაზეთის დე-ფაქტო განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს აფხაზური ენის მთავარი სპეციალისტი ადა კვარჩელია ეწვია.

რადიო სპუტნიკისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან გალში ჩასვლის მთავარ მიზეზად სკოლების ეპიდრეგულაციებთან შესატყვისობის ინსპექტირება დაასახელა. თუმცა, იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საჭიროა გალის რაიონის სკოლებში აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ადა კვარჩელიას ვიზიტის მიზანი გალში აფხაზური ენის სავალდებულო სწავლების უზრუნველყოფა იყო. ამისთვის, აფხაზეთის დე-ფაქტო განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტრო აპირებს აფხაზური ენის გამოცდა აუცილებელი გახადოს სასკოლო ატესტატის მისაღებად.

“ეს ცალსახად რთულ სიტუაციას შეუქმნის ქართველ მოსწავლეებს არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, სადაც სასკოლო ატესტატის წარდგენა აუცილებელი პირობაა. როგორც ჩანს, გალის ქართულ მოსახლეობას დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების პოლიტიკა მხოლოდ ულტიმატუმის ენით არ მიეწოდება,” – აღნიშნულია ტექსტში. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, გალში ადა კვარჩალიას ვიზიტს მალე მოჰყვა სოხუმში მოქმედი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი პრორექტორ ჯულიეტა ადლეიბას ხელმძღვანელობით.

წყაროს ცნობით, შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩამოსულთა მიზანი ადგილობრივებთან საჩვენებელი ადმინისტრაციული ტონით საუბარი არ ყოფილა. პირიქით, მათთვის სასურველი იყო გალის ახალგაზრდობისთვის „გულუხვი“ შეთავაზებების მთელი პაკეტი მეგობრულ ატმოსფეროში განეხილათ.

“ამ შეთავაზებებში სოხუმში მოქმედი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტობა და მასში მოხვედრა იგულისხმებოდა, რაც გალელ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სამწლიანი სწავლების შემდეგ განათლების მიღება რუსეთის ფედერაციაში მოქმედ უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომების მიღება მათ რუსეთის მოქალაქეების თანაბარ შესაძლებლობებს მისცემთ რუსეთის შრომის და დასაქმების ბაზარზე დამკვიდრებისთვის,” – აღნიშნულია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გამოქვენებულ მოკვლევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები