LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამჩენმა დედამ უმოწყალოდ დამტოვა, ლუბა ბებიამ კი შემიფარა და გამზარდა… სამშობიაროში გაყინული რომ მნახა, ექთანს უთხრა, ამ ბავშვს წინდებს დავუქსოვ და თუ ჩვენ არ ვიშვილეთ, მაინც ჩააცვით და ფეხიდან არ გახადოთო“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

140
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მშობლები იპოვა და ასევე ბიოლოგიურ მამას შეხვდა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი, ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო, ცოლად არ გაჰყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა“ – ცისნამი საყვარლიშვილის შეხვედრა ბიოლოგიურ მამასთან და მიმართვა დედას

ცისნამი საყვარლიშვილი გამზრდელ ბებიას და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს და მას გაწეული ამაგისთვის საჯარო მადლობას უხდის.

„შვილი გვერდით მყავდა და სულ დედ-მამაზე ვოცნებობდი, ახლა მამა მყავს გვერდით და შვილზე ვოცნებობ… ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ჩემთან ერთად დაბრუნება ამერიკაში, მაგრამ არ უშვებენ, გულს ვერ სტკენს გამზრდელ ბებიას, მისი მანიპულაციის მსხვერპლია“ – ცისნამი საყვარლიშვილი

„უსაყვარლესი ქალბატონის, საუკეთესო ბებიის გაზრდილი ვარ. ლუბა ედიშერაშვილი, ჩემი გამზრდელი დედის – დარეჯან ღვინიაშვილის დედა იყო. დედაჩემს რომ თავისი საკუთარი შვილი გაუჩნდა, ორი პატარის გაზრდა გაუჭირდა და ბებოს მიმაბარა. ლუბა ბებიამ ამადგმევინა ფეხი, მასწავლა აი-ია და შემაყვარა სამშობლო. ჩემს ოქროს კულულებს სათითაოდ კოცნიდა ხოლმე. ზედ მყვებოდა და არაფერს მაკლებდა. ასევე ლუბა ბაბოს გაზრდილები არიან ჩემი ბიძაშვილები: ნინო, ნონა, ნატო და ვასიკო. მათთან ერთად ვიზრდებოდი ლოტკინზე. ბებიას სახლს ულამაზესი მთაწმინდის ხედი ჰქონდა. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა. ლუბა ბებიას დედას ვეძახდი. დედაჩემმა ამაზე სასტიკად იეჭვიანა და კახეთში წამიყვანა. მახსოვს, ღამის სქელ ფარდებს ვეფარებოდი და განწირული ვტიროდი, ლუბა ბებიასთან მინდა, წამიყვანეთ ლუბა ბებიასთან. გავხდებოდი ავად, დამესეოდნენ ტილები და წამიყვანდნენ თბილისში. ლუბა ბებია მომხედავდა, გამომასწორებდა, ტილებს გამაცლიდა და სუფთა, გაწრკიალებულს ისევ კახეთის გზას გამაყენებდნენ ხოლმე. მე ჩემი ლუბა ბებია მინდოდა.

ასე წინ და უკან სიარულში გაიარა ჩემმა ბავშვობამ. სტუდენტობაც ლუბა ბებიას სახლში და მის კალთაში გავატარე. შემდეგ ემიგრაციაში წავედი და მისი გარდაცვალების შესახებ უკვე ამერიკაში გავიგე. უსაბუთობის გამო ვერ ჩამოვედი და ვერ დავიტირე. მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს. მან მე, სხვისი შვილი ისე გამზარდა, როგორც თავისი.

სამშობიაროში გაყინული რომ მნახა, ექთანს უთხრა, ამ ბავშვს მე წინდებს დავუქსოვ და თუ ჩვენ არ ვიშვილეთ, მაინც ჩააცვით და ფეხიდან არ გახადოთო. გამჩენმა დედაჩემმა უმოწყალოდ დამტოვა, ლუბა ბებიამ კი შემიფარა და გამზარდა.

თუ ვინმეს ყველაზე დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ეს ჩემი ლუბა ბებოა. არ შემეძლო მის საფლავზე არ ამოვსულიყავი და სანთელი არ დამენთო. ლუბა ბებია და ვასილი პაპა ჩემთვის სიყვარულის ეტალონები იყვნენ.

ძალიან ლამაზად უყვარდათ ერთმანეთი და მათ მე ნამდვილი, წრფელი, ერთგულებით სავსე სიყვარული მასწავლეს. დაგილოცავთ გამზრდელ ბებიებს“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

უსაყვარლესი ქალბატონის, საუკეთესო ბებიის გაზრდილი ვარ. ლუბა ედიშერაშვილი, ჩემი გამზრდელი დედის – დარეჯან ღვინიაშვილის…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g