შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა პირბადის გარეშე შეძლონ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამუშაო მაგიდებთან იქნება პლასტიკატის ბარიერები, რომელმაც შეიძლება, უშუალოდ მუშაობის პროცესში პირბადე ჩაანაცვლოს.
“მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით“, – აცხადებს გაბუნია.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები.
„აბიტურიენტის წინ იქნება ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დებატია და კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სამინისტროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება.
