საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლისა და შვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მათ დაკითხვის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.
როგორც ჟურნალისტებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაფერს პასუხი გაეცემა. თუმცა, რა ინფორმაცია მიაწოდეს თავდამსხმელის ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს, მან მედიასთან არ დააკონკრეტა.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, შვილმა როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას. მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებს თეიმურაზ კალანდაძე.
შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი