53 წლის მომღერალმა, მსახიობმა და ბიზნესვუმენმა, ჯენიფერ ლოპესმა, გამოცემა „ვოგის“ დეკემბრის ნომერი დაამშვენა. ფოტოსესია საოცრად თვალწარმტაცი გამოვიდა. ვარსკვლავმა არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო. მთავარ ფოტოზე კი ჯეი ლოს „ვალენტინოს“ წითელი კაბა აცვია, რომელსაც მკერდზე უზარმაზარი ვარდი ამშვენებს.
გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში ლოპესმა ბენ აფლეკთან განახლებულ სასიყვარულო კავშირსა და მასთან ქორწინებაზე გულწრფელად ისაუბრა და ისიც გაანდო საზოგადოებას, რომ თავიდან არ იყო დარწმუნებული ბენთან განახლებულ რომანში, ორჭოფობდა, ეჭვებში იყო, თუმცა ახლა საოცრად ბედნიერია.
„მე ვამაყობ იმით, რომ მისის აფლეკი ვარ. საზოგადოება მე ძველებურად ჯენიფერ ლოპეს მიწოდებს, თუმცა ჩემი ოფიციალური გვარი იქნება აფლეკი, იმიტომ რომ ჩვენ გავერთიანდით, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. მე ძველებურად ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას და თავს ძლიერ, დამოუკიდებელ ქალად და ადამიანად ვგრძნობ. რაც შეეხება ბენთან განახლებულ რომანს, დიახ თავდაპირველად მე ვორჭოფობდი, არ მინდოდა შეცდომის დაშვება, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ჩვენ დიდი ადამიანები ვართ და საუბრით ყველაფრის გარკვევაა შესაძლებელი. მაშინ, 20 წლის წინ ჩვენ ისეთი ახალგაზრდები და უდარდელები ვიყავით, არც შვილები გვყავდა და უდარდელად, მომენტით ვცხოვრობდით. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ბენს სჭირდებოდა“, – აცხადებს ჯეი ლო.