LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოგვყევით ღრუბლებზე მაღლა, ზღაპრული გომის მთა გელით

254
გომის მთა

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება დასვენებისა და განტვირთვის მრავალმხრივ საშუალებას გვაძლევს. მთა,ზღვა,უდაბნო,თუ ტყეში ჩაფლული გარემო მთავარია იცოდეთ სად გსურთ დასვენება. „ბონ ვოიაჟი“ განაგრძობს მოგზაურობას და საინტერესო ფაქტების გაზიარებას მოგზაურებისთვის.

დამეთანხმებით ალბათ,რომ დასავლეთი ზღვის პირის გამო ზაფხულობით განსაკუთრებულად პოპულარული მიმართულებაა შვებულების გასატარებლად. ვისაც მხოლოდ სანაპიროზე მზისგულზე ნებივრობა არ აკმაყოფილებს აჭარაში ბევრი რამის ხილვა შეუძლია.

დღეს ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ღრუბლებს ავცდებით და ულამაზეს ზღაპრულ გომის მთას ვესტუმრებით. ძველად ამ ადგილს გურიისა და აჭარის მცხოვრებლები საქონლის საზაფხულო საძოვრად იყენებდნენ. განსაკუთრებულმა კლიმატურმა პირობებმა და გამორჩეულმა სილამაზემ ეს ადგილი ცნობილ დასასვენებელ ადგილად აქცია,სადაც ზამთარ ზაფხულ უამრავი ადამიანი იყრის თავს.

გზა გომის მთამდე ოზურგეთიდან 1955 წელს გაიჭრა და 2020 წელს კი მას დასახლების სტატუსი მიენიჭა. დედაქალაქიდან 340,ხოლო ოზურგეთიდან სულ რაღაც 33-კმ-ის დაშორებით მდებარე კურორტზე მსუბუქი ავტომობილით თავისუფლად ახვალთ. იქ კი ღრუბლებზე მაღლა, საოცარი ხედებით გარემოცულ, კოტეჯებით მოკირწყლულ მთაზე აღმოჩნდებით.

თუ კოტეჯის ქირაობას გადაწყვეტთ სჯობს ეს წინასწარ გააკეთოთ რადგან,როგორც წესი ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე მოთხოვნა ძალიან დიდი და თავისუფალი გასაჩერებელი ადგილის მოძებნაც რთულდება. კოტეჯებს ფასისა და ზომის მიხედვით დაჯავშნით. რა თქმა უნდა კარვებში ღამის გათენების მსურველებს ეს არ ეხებათ.

ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ზაფხულობით აქაური ტემპერატურა საშუალოდ 13-დან 20 გრადუსამდე მერყეობს. გომის მთას ნაძვნარი,სოჭის ხეები და ალპური მდელოები აკრავს. მდიდარია წყაროებით. პოპულარობით სარგებლობს ბოლო წლებში დაწესებული „გომისმთობა“,რომლის განმავლობაშიც ეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და იმართება დოღი.

თუ ხმაურმა დაგღალათ და მშვიდ გარემოში განტვირთვა მოგესურვათ ეს ადგილი ნამდვილად გასიამოვნებთ. რა თქმა უნდა კაფე-ბარებს აქ ვერ ნახავთ,მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის მაღაზიაა,სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტებს შეიძენთ,ამიტომ გაითვალისწინეთ და საჭირო ნივთები,თუ საკვები გაიყოლეთ. საღამოობით კოცონი და მის გარშემო დროის ტარება აქაურობის მახასიათებელია. მოკლედ განსაკუთრებით მათ ვინც ზღვისპირეთში დასვენებას გეგმავს,ვურჩევდი გომის მთას ერთი დღით მაინც ეწვიოს, ზღაპრული ხედებითა და სიმშვიდით დატკბეს,ფერადი ფოტოები გადაიღოს და კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადოს დასვენების დღეები. აქვე,თუ ავტომობილით არ სარგებლობთ,შეგიძლიათ მოიძიოთ ტურები,რომელიც მრავლადაა ამ მიმართულებით.

magti 5g