„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკის პრობლემები.
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემებს ასახელებს: 59%-ის თქმით, ეს არის უმუშევრობა, 42% ფასების ზრდა/ინფლაციას ასახელებს, 19% – სიღარიბეს, 17%- ლარის გაუფასურებას, 16% -დაბალ ხელფასებს, 12% – მაღალ გადასახადებს, 10% – კორონავირუსს, 5%- საწვავზე მაღალ ფასებს, 4% – ტურისტების ნაკლებლობას.
აღსანიშნავია ამ კვლევის კიდევ ერთი ნაწილი, სადაც გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს.
ცნობისთვის, NDI-ის აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.