საახალწლო პერიოდში თითქმის ყველას ერთი რამ გვაერთიანებს: სურვილი, სხვებისთვის რაიმე დიდი, გულწრფელი, სითბოთი სავსე საჩუქრის ჩუქებისა. მაგრამ სრულყოფილი საჩუქრის ძიება ზოგჯერ ისეთივე რთულია, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის პოვნა ღამის ცაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გამომცემლობამ „პალიტრა L“ წელს თავად გახდეს თქვენი მეგზური და შობისა და ახალი წლის სასწაულები პირდაპირ თაროებიდან მოგაწოდოთ. ვინც უნდა იყოთ, ქვეყნის რომელ რეგიონშიც უნდა იმყოფებოდეთ და ვინც უნდა იყოს თქვენი ადრესატი – საახალწლო საჩუქარი ეს არის!

მაგდა მულაძე, გამომცემლობის „პალიტრა L“ მარკეტინგის მენეჯერი:
– 2025 წელი ჩვენთვის ბევრი სიახლით, შეთავაზებითა და ღონისძიებით დატვირთული წელი იყო, ამასთან საიუბილეო – გამომცემლობა „პალიტრა L“ 20 წლის გახდა. საახალწლო პერიოდში მკითხველს უამრავი სიახლე მოვუმზადეთ როგორც საუფროსო, ასევე საბავშვო ლიტერატურის კუთხით. ვფიქრობთ, ახალ წელს წიგნზე კარგ საჩუქარს ვერ შეარჩევს ადამიანი, რადგან სწორედ წიგნის მეშვეობით გადადის საინტერესო ისტორიები ხელიდან ხელში. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს ემოცია, წიგნი იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი კამპანიის მესიჯი, რომ საახალწლო საჩუქარი ეს არის.

გამომცემლობის „პალიტრა L“ წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. თითოეულ ფილიალში ცალკე არის გამოყოფილი საახალწლო სასაჩუქრე წიგნები, ამით ჩვენს მკითხველს ვუმარტივებთ არჩევანს.

ცხადია, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ მკითხველთა განებივრებას. ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ჩვენს მკითხველს ვპირდებით, რომ 2026 წელიც დატვირთული იქნება არაერთი სიახლით როგორც საბავშვო, ისე საუფროსო ლიტერატურის მხრივ. რა თქმა უნდა, „პალიტრა L“ კვლავ უერთგულებს პრინციპს, რომ წიგნი, ხარისხიანი ლიტერატურა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ დაგავიწყდეს, ვინც უნდა იყო, რა გემოვნების მკითხველიც უნდა იყო, ჩვენთან ყოველთვის იპოვი შენს საკითხავს.

ლიზა ფირცხალავა, გამომცემლობის „პალიტრა L“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერი:
– გამომცემლობა „პალიტრა L“ 20 წელია, რაც თავდაუზოგავად ზრუნავს საკუთარ მკითხველზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორია, ასევე ბევრი ჟანრის გამოცემა. ვცდილობთ, მკითხველი გავანებივროთ როგორც ქართული საკითხავით, თანამედროვე იქნება ეს თუ კლასიკა, ასევე მსოფლიო კლასიკითაც.
საახალწლო პერიოდში, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა იყიდება ყველაზე კარგად, რადგან მშობლებს აქვთ სურვილი, პატარები სწორედ წიგნებით გაახარონ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რადგან კონკრეტულად საბავშვო ლიტერატურის გამომცემელი ვარ.

წელს ჩვენთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი არის თანამშრომლობა „პალიტრა სტუდიასთან“, რომელთან ერთადაც შევქმნით არა მხოლოდ წიგნი, არამედ დიდი სასაჩუქრე ყუთი, რომელიც მოიცავს 60 ნაწილიან ფაზლს, წიგნს, სტიკერებს, გასაფერადებლებს, შესაფუთ ქაღალდებს და ა.შ. ეს არის დიდი კომპლექტი, არის ქართულ მოტივებზე დაფუძნებული და ყუთში პატარებს, შესაძლოა, გოზინაყის რეცეპტიც კი დახვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ასეთი ფორმითაც ეცნობოდნენ ჩვენს ტრადიციებს.

მსოფლიო ლიტერატურას რაც შეეხება, ბევრი თანამედროვე ბესტსელერი გამოვეცით, რომელიც ევროპულ საზოგადოებას (და არა მხოლოდ მას) ძალიან უყვარს. მათგან ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამომცემლობის „Bloomsbury“ საახალწლო ბესტსელერი, კეტრინ რანდელის „ერთი საშობაო სურვილი“ – ეს წიგნი არის პატარა თეოზე, რომელიც ოცნებობს, მეგობრები გაიჩინოს და ეს მეგობრები გაუჩნდება საკმაოდ უცნაური გზით – მისთვის ნაძვის ხის დეკორაციები გაცოცხლდებიან…