გამორიცხულია, რომ სამხრეთ ოსეთი ოდესმე გახდეს საქართველოს ნაწილი, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
„საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელისგან სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი მუდამ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან სურს ცხოვრება, თუმცა მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანას ნატო-სკენ ექაჩებიან. ჩვენ კარგად გვესმის თუ რისთვის კეთდება ეს,“ – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრამები სამხრეთ ოსეთისთვის უპერსპექტივოა.
„საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. უფრო ცარიელი პროექტის მოგონება არ შეიძლებოდა. ეს ინიციატივები უპერსპექტივოა, ხოლო მიდგომა კი ამორალური. ამგვარ სტრატეგიებს არანაირი მომავალი არ აქვს.
ერთი მხრივ, ჩვენი ჩართვა სურთ ე.წ. თანამშრომლობაში ძმობის და მეგობრობის სიტყვებით, ხოლო მეორე მხრივ, არავის მოუხდია ბოდიში ოსების გენოციდისთვის,“ – განაცხადა მან.