LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლინდა კომპანიის მხრიდან ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები – შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში აფეთქებასთან დაკავშირებით

148
საქნახშირი

შრომის ინსპექციის განცხადებით, შპს ,,საქნახშირის” ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დასკვით ფაზაშია. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, ,,როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე”.

ისინი ამბობენ, რომ ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

,,შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშნულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობა მიეკუთნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “საქნახშირმა” ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის გამო, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანის გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g