LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს – Amnesty International

142
gamyofi xaziiii

რუსეთის მიერ საქართველოში აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს – საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა თბილისსა და მოსკოვში ერთწლიანი კვლევის შედეგები წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ბარიერების აღმართვამ გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევები გამოიწვია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებულები და ოჯახები საარსებო წყაროების გარეშე დარჩნენ.

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დახმარება გამოუყონ იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური პირობებზე ბორდერიზაციამ უარყოფითად იმოქმედა.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი მარი სტრუზერსი აცხადებს, რომ ისინი არ იკავებენ პოლიტიკურ პოზიციას და კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე არიან კონცენტრირებულები.

„ჩვენ არ ვიკავებთ პოლიტიკურ პოზიციას და კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე ვართ კონცენტრირებულნი. იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში ამ კონფლიქტს ჩვეულებრივი ადამიანების თვალით აჩვენებს და მათი პრობლემების მოგვარებისთვის პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ,” – განაცხადა მარი სტრუზერსმა.

კვლევა 1 წლის განმავლობაში ტარდებოდა და 2009 წლიდან დღემდე ბორდერიზაციის პრობლემებს მოიცავს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ქოჩორაძე  „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ სრულად იზიარებს ანგარიშში წარმოდგენილ მდგომარეობას.

„გავეცანით Amnesty International – ის ანგარიშს. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია, რადგანაც ეს ეხება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევას.

ამ ანგარიშში დეტალურად არის ასახული ის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ეს ადამიანები განიცდიან ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე მითითებულია, რომ მსგავსი ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოხდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მოხდა წვდომის შეზღუდვა მათ საკუთრებასთან კერძოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. გარდა ამისა, მოხდა ადამიანების ერთმანეთთან დაშორება, ოჯახების გახლეჩა და ა.შ.

ძალიან მწვავედ არის შეფასებული თავისთავად გადაადგილების უფლების შეზღუდვა და ის უკანონო დაკავებები, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავება ხდება არამხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადამსვლელები ადამიანების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელი ადამიანებისაც, რაც რა თქმა უნდა უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ანგარიშის გამოცემა ხდება ავტორიტეტული  საეთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ ანგარიშსი აღწერილ მდგომარეობას,“ – განაცხადა თამარ ქოჩორაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები