LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია

355
1

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან, ბიზნესებისთვის პასპორტის მოთხოვნა მაინც რეკომენდებულია.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეს თავად ბიზნესის წარმომადგენლების გადასაწყვეტია და აქვე აღნიშნავს, რომ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, მოქალაქეები დაავადებათა კონტროლის ცენტრში მის გარეშე ვერ შევლენ:

“ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამას საბჭო აფიქსირებს. პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება “მწვანე პასპორტი” დაშვებული, თუ არა.

დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია. მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ “მწვანე პასპორტი” აქ მუშაობს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოობა ამ ეტაპზე მოხსნილია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თავად ეთანხმებოდა თუ არა “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, მისი განცხადებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამოაქვს:

“მოგეხსენებათ, საუბარი იყო თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, “მწვანე პასპორტი” დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს.

საბჭოზე იყო დისკუსია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.

“მწვანე პასპორტი” გახლდათ და გახლავთ მხოლოდ ერთი სეგმენტი ვაქცინაციის სტიმულირების. ამისთვის კიდევ ბევრი მეთოდი და ინსტრუმენტია. მონეტარული წახალისება მუშაობს, საკომუნიკაციო კამპანიები და მთავარია, თვითშეგნება. მარტო ის, რომ ვიღაცას დავადგე მათრახით და გინდა თუ არა, აიცერი, ეს არ იზამს. უნდა დავიჯეროთ, რომ უნდა ავიცრათ. ბევრი მტკიცებულებით დადგინდა, რომ აცრა იცავს გართულებისგან და სიკვდილიანობისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g