დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო გახდეს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ექიმების 67%-ია აცრილი, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი დანარჩენ სამედიცინო პერსონალში უფრო დაბალია.
„ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა სხვა აცრებთან დაკავშირებით გვაქვს, მაგალითად: ჰეპატიტის აცრა, რომელიც აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში სავალდებულოა – ქირურგები, ანესთეზიოლოგები, მეან-გინეკოლოგები. კანონითაა დადგენილი, რომ ისინი B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილები, რადგან ძალიან მოწყვლადი ფენა გახლავთ.
ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს აცრილი სამედიცინო პერსონალი. ვისაც ცხოველებთან აქვს შეხება, ვეტერინარებს, ისინი ცოფის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილები და ა.შ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა კოვიდის საწინააღმდეგოდ დღეს ვალდებულება შემოიღეს.
„მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – თავდაცვის მდივანმა გამოსცა ბრძანება და ჯარისთვის აუცილებელი გახადა, იტალიამ გამოსცა ბრძანება და სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი გახადა.
მე, მაგალითად, რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი“, – განუცხადა ტვ „ფორმულას“ გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, როცა საუბარია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სფეროში დასაქმებული ხალხი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.