LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განაცხადების მიღება დაიწყო: დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს გრანტს 200-მდე მიგრანტი მიიღებს

93
1

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება, რომელიც 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

“პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.

ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს, გრანტს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:
• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ. N1;
• ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

როგორც დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები