ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს:
„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან განაცხადი მივიღეთ.
არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის, ინფორმაცია ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ.
ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ. ასევე ყველა იმ ინფორმაციას, რაც კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ.
ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან რამდენიმე განაცხადი იყო მიღებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა – ღარიბაშვილის პასუხი
“ძალიან მკაფიო გეგმა გაგვაჩნია ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით” – ეკონომიკის მინისტრი