ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით – საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს – ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იქნება ასევე მაღალი – 6.9%“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი 7.1 პროცენტამდე, დღეს არსებული 7.6 პროცენტიდან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
