საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება გავრცელებულია აღნიშნული ცენტის მთავარ გვერდზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი ხელმძღვანელის შერჩევა მოხდა კონკურსის შედეგების საფუძველზე.
განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი.
მან 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი, როგორებიცაა: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელე-მარათონები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
“თამარ მახარაშვილს აქვს სამთავრობო უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მას 2005 წლიდან დღემდე ეკავა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობები. ასევე ეჭირა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის პოზიცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისი კარიერა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მოიცავს თანამდებობებს პროექტის ხელმძღვანელიდან დირექტორის მოადგილემდე”, – ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თამარ მახარასვილმა გიორგი ვაშაკიძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლიდან დღემდე იკავებდა.